შობა

კი, ვირჯინია, სანტა კლაუსი არსებობს

შობა

კი, ვირჯინია, სანტა კლაუსი არსებობს

ფოტოზე: ვირჯინია ო'ჰანლონი

ნამდვილი საშობაო ისტორია, რომელსაც საუკუნეზე მეტია იხსენებენ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო. 1897 წლის სექტემბერში ნიუ-იორკელმა გოგონამ the New York Sun-ს წერილი მისწერა:

"ძვირფასო რედაქტორო: მე 8 წლის ვარ. ზოგი ჩემი პატარა მეგობარი ამბობს, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს. მამა ამბობს, "თუ the Sun-ში ნახავ, მაშინ ასეა". გთხოვთ, სიმართლე მითხარით: არსებობს სანტა კლაუსი?" - წერდა ვირჯინია ო’ჰანლონი.

ფრთხილი ხელწერით დაწერილ კითხვას გაზეთის რედაქტორმა, ფრენსის ფარსელუს ჩარჩმა ანონიმურად უპასუხა. მისმა ედიტორიალმა, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში უამრავჯერ გაზიარდა, პატარა გოგოს წუხილი კლასიკურ საშობაო ისტორიად აქცია.

კი, ვირჯინია, სანტა კლაუსი არსებობს

ვირჯინია, შენი პატარა მეგობრები ცდებიან. ისინი სკეპტიკური ეპოქის სკეპტიციზმის გავლენის ქვეშ არიან. მხოლოდ იმის სჯერათ, რასაც ხედავენ. ფიქრობენ, რომ ვერაფერი იარსებებს, რაც მათი პატარა გონებების აღქმის მიღმაა. ყველა გონება, ვირჯინია, კაცის იქნება თუ ბავშვის, მცირეა. სრული ჭეშმარიტებისა და ცოდნის განჭვრეტის შემძლე ინტელექტის საზომით, ამ ჩვენს დიდ სამყაროში, თავისი ინტელექტით კაცი მარტოდენ მწერი და ჭიანჭველაა, უკიდეგანო სამყაროსთან შედარებით მის გარშემო.

კი, ვირჯინია, სანტა კლაუსი არსებობს. ის არსებობს ისევე უსათუოდ, როგორც სიყვარული, კეთილშობილება და ერთგულება და შენ იცი, რომ ისინი უხვად არიან და შენს ცხოვრებას უმაღლეს სილამაზესა და სიხარულს ანიჭებენ. ვაი! რა უღიმღამო იქნებოდა სამყარო სანტა კლაუსს რომ არ ეარსება! ისეთივე უღიმღამო, როგორც ვირჯინიების არარსებობის შემთხვევაში. მაშინ არ იქნებოდა არც ბავშვური რწმენა, არც პოეზია, არც რომანტიკა, რომ ეს ყოფა ასატანი ყოფილიყო.

არ გვექნებოდა სიამოვნება გარდა გრძნობისა და ხედვისა. მიილეოდა გარეგანი შუქი, რომლითაც სამყარო ბავშვობას ავსებს.

ნუ დაიჯერებ სანტა კლაუსს! შესაძლოა, ფერიებისაც არ დაიჯერო. შესაძლოა, მამას ხალხიც დააქირავებინო, რომ შობა ღამით საკვამურებს უდარაჯონ სანტა კლაუსის გამოსაჭერად, მაგრამ მაშინაც, თუ სანტა კლაუსს ჩამოსვლისას ვერ დაინახავ, რას დაამტკიცებს ეს? არავის უნახავს სანტა კლაუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს. ყველაზე რეალური ამ სამყაროში ის არის, რასაც ვერც ბავშვი ხედავს და ვერც კაცი. ოდესმე გინახავს მინდორზე მოცეკვავე ფერიები? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ეს არ არის მათი არარსებობის მტკიცებულება. არავის შეუძლია მსოფლიოში არსებული არნახული და უხილავი საოცრებების წარმოსახვა ან წარმოდგენა.

შეიძლება ბავშვის საჩხარუნო გაგლიჯო და ნახო, რა ხმაურობს შიგნით, მაგრამ არსებობს საბურველი, რომელიც ფარავს უხილავ სამყაროს და რომელსაც ვერც ყველაზე ძლიერი კაცი და ვერც ყველაზე ძლიერ კაცთა ერთიანი ძალა ვერ გაარღვევს. მხოლოდ რწმენას, პოეზიას, სიყვარულს, რომანტიკას შეუძლია ამ ფარდის გადახსნა და მის მიღმა ზეციური სილამაზისა და დიდების ჭვრეტა და წარმოსახვა. რეალურია ეს ყველაფერი? ო, ვირჯინია, სხვა არც არაფერია რეალური და მუდმივი ამ სამყაროში.

სანტა კლაუსი ცხოვრობს და ცხოვრობს მარადიულად. მადლობა ღმერთს! ათასი წლის შემდეგ, ვირჯინია, არა, 10-ჯერ 10 000 წლის შემდეგ, ის ბავშვობის გულის სიხარულით ავსებას გააგრძელებს.

თავისი ცხოვრების განმავლობაში, ლორა ვირჯინია ო’ჰანლონ დუგლასი, რომელმაც პროფესიად მასწავლებლობა აირჩია, the Sun-ის რედაქტორის პასუხს სხვა ბავშვებს უკითხავდა და უხსნიდა, რომ "რაც უფრო ვიზრდები, მის ფილოსოფიას მით უფრო ვაფასებ".

1959 წელს, მაშინ 70 წლის ო’ჰანლონს ჟურნალისტმა ჰკითხა, კიდევ სჯეროდა თუ არა სანტა კლაუსის.

"რა თქმა უნდა, მჯერა. ყველას უნდა იცოდეს - განსაკუთრებით შობის დროს - რომ არსებობს გულისხმიერი ადამიანი, ვინც მისი კეთილდღეობითაა დაინტერესებული. ეს ცხოვრებას ბრწყინვალებას ანიჭებს. ის ნამდვილად ადამიანია, თუ სული, დიდად მნიშვნელობა არ აქვს - არა? ზოგი ადამიანი ამბობს, რომ არ უნდა გვჯეროდეს იმის, რასაც ვერ ვხედავთ. ეს ყველაზე არარეალურია. შეხედეთ ყველაფერ მშვენიერს, რაც სანტა კლაუსის წყალობით დამემართა". - უპასუხა ო’ჰანლონმა.

1971 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვირჯინიამ თქვა, რომ სანტა კლაუსის ჯერ კიდევ სჯეროდა.

კომენტარები