ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების 21-ე პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც 106 მილიონი ევროა. ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ ფინეთის მთავრობის წინადადებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ მოაწერა.
"ფინეთი აპირებს უკრაინის მხარდაჭერას მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენს მიერ უკრაინისთვის მიწოდებული თავდაცვის პაკეტების ჯამური ღირებულება 1.6 მილიარდი ევროა" - თქვა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.
უწყება განმარტავს, რომ სამხედრო დახმარების ზუსტი შინაარსის და მიწოდების დროის შესახებ ინფორმაცია "ოპერატიული მიზეზების გამო და დახმარების უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით" საჯარო არ არის.
"დამატებითი დახმარება უკრაინის საჭიროებებისა და თავდაცვის ძალების რესურსების მდგომარეობის გათვალისწინებით გამოიყო". - აღნიშნულია განცხადებაში.