ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

Reuters: ისრაელის ეილათის პორტში გადაზიდვები ჰუსიტების საფრთხის გამო 85%-ით შემცირდა

Flash90

Reuters-ის ცნობით, წითელ ზღვაში მდებარე ეილათის პორტში, რომელიც ისრაელის მფლობელობაში მყოფი ერთადერთი პორტია, გადაზიდვები 85%-ით არის შემცირებული. ინფორმაციას Reuters-ს ეილათის პორტის დირექტორი, გიდეონ გოლბერი უდასტურებს. ეილათის პორტის დირექტორის თქმით, გადაზიდვების ნაკადის შემცირების მიზეზი ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე და წითელ ზღვაში ჰუსიტების გახშირებული თავდასხმებია. გოლბერის თქმით, თუ სიტუაცია სწრაფად არ შეიცვლება, ეილათის პორტის ბრუნვა შესაძლოა მთლიანად განულდეს. 

იემენელი ჰუსიტების მთავარი მოკავშირე ირანია, რომელიც მათ აფინანსებს და იარაღს აწვდის. ჰამას-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ ჰუსიტებმა გააქტიურეს სარაკეტო თავდასხმები კომერციულ გემებზე, რომლებიც, მათი მტკიცებით, ისრაელს ნავთობით ამარაგებენ. 

18 დეკემბერს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა წითელ ზღვაში ოპერაცია "კეთილდღეობის მცველის" დაწყება გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც 10 ქვეყნის კოალიცია ჰუსიტების თავდასხმებს დაუპირისპირდება. ბაბ-ელ-მანდების სრუტე მსოფლოს ვაჭრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტია. 

დეკემბრის დასაწყისში Financial Times-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის დეკემბერში წითელ ზღვაში ვაჭრობის მასშტაბი 30%-ით არის შემცირებული. 

კომენტარები