ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელმა ღაზაში ჰამასის ყველაზე დიდი ზომის გვირაბები აღმოაჩინა

ისრაელელი ჯარისკაცები ჰამასის ახლად აღმოჩენილი გვირაბის შესასვლელთან, 15 დეკემბერი, 2023
AP Photo/Ariel Schalit

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ღაზის სექტორში კიდევ ერთი, აქამდე უცნობი, გვირაბების ქსელი აღმოაჩინეს, რომელიც ღაზა-ისრაელის საზღვართან მდებარეობს.

გვირაბებში შესასვლელი ერეზის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან 400 მეტრში მდებარეობს, ხოლო გვირაბების სიგრძე ჯამში დაახლოებით ოთხ კილომეტრს აღწევს. ზოგიერთ მონაკვეთზე გვირაბი 50 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს და მისი სიგანე მანქანების გადაადგილების საშუალებასაც იძლევა. გავრცელებული ინფორმაციით, ახლად აღმოჩენილი გვირაბების ქსელს ისრაელის ტერიტორიაზე არ შეუღწევია.

ამასთანავე, გვირაბებს თან ახლავს საკანალიზაციო, ელექტროენერგიით მომარაგებისა და საკომუნიკაციო სისტემები, ხოლო ზოგიერთ ნაწილში ჩაშენებულია აფეთქებისგან დამცავი კარი.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში სამხედრო ინჟინრებმა, ღაზის დივიზიის ჩრდილოურ ბრიგადასთან ერთად, "სადაზვერვო და ტექნოლოგიური საშუალებებით" ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის სტრატეგიული მნიშვნელობის გვირაბების ქსელი გამოამჟღავნეს და იგი პოტენციური საფრთხეებისგან გაწმინდეს.

IDF-ის მიხედვით, გვირაბების ქსელის აშენებას რამდენიმე ათეული ტერორისტი დასჭირდა, რომლებსაც ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი მუჰამედ სინვარი ხელმძღვანელობდა.

17 დეკემბერს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორიდან მოიპოვეს, ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება მანქანაში მჯდომი მუჰამედ სინვარი გვირაბების ქსელში.

კომენტარები