ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმების ფონზე, ისრაელი რეგიონში სამხედრო გემს გზავნის

ისრაელის Sa’ar 6 კლასის სამხედრო გემი INS Magen
Naval Press Service (M. Nitz)

ისრაელის საზღვაო ძალებმა გამოაცხადეს, რომ შეიარაღებაში კიდევ ერთი Sa'ar 6 კლასის სამხედრო ხომალდი მიიღეს. გემის მშენებლობა ისრაელმა ორ წელში დაამთავრა.

ისრაელის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მანამდე სამი Sa'ar 6 კლასის კორვეტი იმყოფებოდა, რომლებსაც ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ომში იყენებს. IDF-ის თქმით, აღნიშნული გემების დანიშნულება ღაზის სექტორში ქვეითი ძალების მოქმედებებისთვის მხარდაჭერა და ჰამასის ტერორისტებზე იერიშების მიტანაა. გავრცელებული ცნობით, კორვეტების მეშვეობით ისრაელმა ჰამასის საზღვაო ძალების მეთაურთა უმრავლესობა დახოცა.

ისრაელის თქმით, ამ სამხედრო გემებს ისრაელი წითელ ზღვაშიც გამოიყენებს, ვინაიდან ბოლო პერიოდში წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გემებზე იემენელი ჰუსიტების მიერ თავდასხმების შემთხვევებმა იმატა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, პირველი შემთხვევაა, როცა სამხედრო გემი INS Magen-ი ეილათის პორტში შევიდა.

გუშინ, 11 დეკემბერს, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ ცახი ჰანეგბიმ განაცხადა, რომ თუკი საერთაშორისო საზოგადოება ვერ მოახერხებს იემენელი ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გზების დაზიანებისკენ მიმართული ქმედებები აღკვეთოს, ისრაელი მზად არის ჰუსიტებზე პასუხის გაცემის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.

19 ნოემბერს იემენში ირანიდან მართულმა ჰუსიტების შეიარაღებულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ისრაელის დროშის ქვეშ მცურავი ან ისრაელური კომპანიის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი ხომალდი მათი სამიზნე გახდებოდა.

ამავე დღეს, იემენელმა ჰუსიტებმა სატვირთო გემი Galaxy Leader-ი გაიტაცეს. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ცნობით, ის თურქეთიდან ინდოეთისკენ მიცურავდა. Reuters-ის მიხედვით, გატაცების დროს გემის ეკიპაჟი 25 წევრისგან შედგებოდა. გატაცებული სატვირთო ხომალდი ბრიტანული კომპანიის ქვეშ არის დარეგისტრირებული, რომლის წილსაც ისრაელელი მაგნატი აბრაამ უნგარი ფლობს. მიმდინარე ცნობებით, ამ დროისთვის გემის მართვა იაპონურ კომპანიას იჯარით აქვს აღებული. გემი ამ დრომდე იემენელი ჰუსიტების განკარგულებაშია.


იემენში "ჰუსიტები" ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც 1990-იან წლებში დაარსდა. ისინი იემენის მთავრობის წინააღმდეგ იბრძვიან და ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარება სურთ. მათი გაცხადებული მიზანია ისრაელის, აშშ-სა და ებრაელების განადგურება. ჰუსიტები ჩართულნი იყვნენ 2011 წლის “არაბული გაზაფხულის” საპროტესტო აქციებში. 2014 წელს მათ იემენის დედაქალაქის დაკავება შეძლეს, 2015 წლიდან კი საუდის არაბეთის კოალიცია ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ კონფლიქტში ჩაერთო.

გაეროს თქმით, იემენში კონფლიქტმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე იემენში 377 000 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 150 000 უშუალოდ სამხედრო მოქმედებებს ემსხვერპლა, 60% კი შიმშილმა, ასევე საჭირო ჯანდაცვისა და უსაფრთხო წყლის არარსებობამ იმსხვერპლა. ამას გარდა, 4.5 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, ხოლო მოსახლეობის 80%-ს, ანუ 24.1 მილიონ ადამიანს, ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.

კომენტარები