ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰარვარდის პრეზიდენტი, ანტისემიტიზმზე საკამათო ჩვენების მიუხედავად, პოსტს შეინარჩუნებს

ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კლოდინ გეი
Graeme Sloan/SIPPL Sipa USA/AP

ჰარვარდის უნივერსიტეტის უმაღლესმა სამართავმა ორგანომ 12 დეკემბერს განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულების პრეზიდენტი კლოდინ გეი, 5 დეკემბერს კონგრესისთვის მიცემული ჩვენების მიუხედავად, თანამდებობაზე დარჩება.

"ჩვენი ექსტენსიური თათბირის შემდეგ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე რწმენას, რომ კლოდინ გეი შესაფერისი ლიდერია, რათა ჩვენი საზოგადოება განკურნოს და ჩვენს წინაშე არსებულ სერიოზულ საკითხებს გაუმკლავდეს". - ნათქვამია ჰარვარდის კორპორაციის განცხადებაში. პეტიციას, რომელიც უნივერსიტეტის მმართველ ორგანოს კლოდინისთვის თანამდებობის შენარჩუნებას სთხოვდა, 600-ზე მეტმა პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობამ მოაწერა ხელი.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში 5 დეკემბერს კამპუსებზე ანტისემიტიზმის პრობლემასთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, სადაც სამი უნივერსიტეტის, მათ შორის ჰარვარდის, ხელმძღვანელების სუსტ ჩვენებას ბიზნეს ლიდერების, დონორებისა და პოლიტიკოსების კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, უნივერსიტეტების ლიდერები ვერ ახერხებენ კამპუსებზე ებრაელი სტუდენტების დაცვას. 

კრიტიკის მთავარი სამიზნე კითხვაზე - წარმოადგენს თუ არა ებრაელების წინააღმდეგ გენოციდის მოწოდებები უნივერსიტეტების ყოფაქცევის კოდექსის დარღვევას - საგანმანათლებლო დაწესებულებების პრეზიდენტების პასუხი იყო. მათგან აშკარად არავის უთქვამს, რომ ებრაელების გენოციდისკენ მოწოდებები აუცილებლად ყოფაქცევის კოდექსის დარღვევად ჩაითვლებოდა.

საზოგადოებაში კონგრესთან მიცემული ჩვენებით გამოწვეული მწვავე კრიტიკის შემდეგ ჰარვარდის უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა, რათა მომხდართან დაკავშირებით გაუგებრობას სიმართლე მოეფინათ.

კლოდინ გეიმ X-ზე გავრცელებულ ვიდეოში თქვა, რომ "ებრაული თემის, ან ნებისმიერი სხვა რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ ძალადობისა და გენოციდის მოწოდებები საშინელებაა, რომელთა ადგილიც ჰარვარდში არ არის და ვინც ჩვენს ებრაელ სტუდენტებს დაემუქრება, ამაზე პასუხს აგებს".

9 დეკემბერს პენსილვანიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ლიზ მეგილი ზემოხსენებულ ჩვენებაზე უარყოფითი რეაქციების შემდეგ გადადგა. ჩვენების შემდეგ ლიზ მეგილის გადადგომის პეტიცია დაიწყო, რომელსაც ხელი დაახლოებით 23 000 ადამიანმა მოაწერა. 


7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის ტერორისტულ თავდასხმას ჰარვარდის 33 სტუდენტური ჯგუფისგან შემდგარ კოალიციაში გამოეხმაურნენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სტუდენტები ჰამასის თავდასხმაზე სრულ პასუხისმგებლობას ისრაელის "აპართეიდულ რეჟიმს" აკისრებდნენ. მათი თქმით, უკვე "75 წელია ისრაელის ძალადობა პალესტინელთა არსებობას" განსაზღვრავს. სტუდენტებმა ჰამასის თავდასხმაზე ისრაელის მოსალოდნელ პასუხს "კოლონიალური სამაგიეროს გადახდა" დაარქვეს და ჰარვარდის საზოგადოებას მოუწოდებენ გადადგას ნაბიჯები, რათა "პალესტინელების მიმდინარე განადგურება შეწყდეს".

კომენტარები