ევროპული საქართველო

ბოკერია ენგურჰესზე: სინამდვილეში, ჩვენ მოქალაქეების მკვლელობას ვაფინანსებთ

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ენგურჰესთან ბრიფინგი გამართა, სადაც წყალსაცავის, როგორც ოკუპანტებთან ბრძოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გამოყენების პოტენციალზე ისაუბრა. 

ბოკერიას თქმით, ქართული ოცნების პირობებში ენგურჰესიდან გამომუშავებული ენერგიის 80% მიეწოდება საოკუპაციო რეჟიმებს, იმის ფონზე, როდესაც ხდება საქართველოს მოქალაქეების სისტემატიური გატაცება და მკვლელობა, შესაბამისად, ბოკერიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება შესაძლოა ოკუპანტებთან და მარიონეტულ რეჟიმებთან იყოს გარიგებული.

"მტერთან კომპრომისი შესაძლოა აუცილებელი გახდეს, თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რისთვის აკეთებს ამას ის ხელისუფლება, რომელიც წესით ჩვენს ინტერესებს უნდა იცავდეს. რატომ ვაძლევთ ჩვენს მტერს ენერგიას? რაში არის ეს გაცვლილი? თუ კი ჩვენი მოქალაქეებისთვის მდგომარეობა უარესდება, მკვლელობები გრძელდება და ამისთვის ფასს ჩვენი მტერი არ იხდის, მაშინ ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ-გეოპოლიტიკურ გარიგებას ჩვენს მტერთან ეროვნული ინტერესების ხარჯზე ან კომერციულ ანუ კორუფციულ გარიგებას. (არსებობს ვერსია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაინინგი ხდება, რაშიც საქართველოს ხელისუფლებიდან არის ვიღაც ჩართული) სხვა ახსნა ამ ტენდენციას გარდა ჩვენი პირდაპირი მტრისთვის ხელისშეწყობისა ან ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე ფულის კეთებისა ამას არ აქვს". – ამბობს ბოკერია. 

ევროპული საქართველოს თავჯდომარის თქმით, საქართველოს შეუძლია დიდი ენერგეტიკული ზიანის გარეშე შეუწყვიტოს ენერგიის მიწოდება ოკუპანტებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიან.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ არ გამოსწორდება იქ ვითარება, ენერგიის მიწოდება მთლიანად ჩაიკეტება მათთვის. ჩვენ ეს შეგვძლია გავაკეთოთ ჩვენი ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი ზარალის გარეშე. ჩვენ რომ ნორმალური მთავრობა გვყავდეს ამ ვითარებას უნდა იძიებდეს უსაფრთხოების სამსახური, ხომ არ გვაქვს საქმე ქვეყნის საბოტაჟთან? - ეს კითხვები საზოგადოებამ მაინც უნდა დასვას რიტორიკულად, რადგან დამაჯერებელი პასუხების იმედი არ გვაქვს. ეს მაინც უნდა იქცეს თემად, რადგან როცა ხალხი დამნაშავეების დასჯას ითხოვს, სინამდვილეში ჩვენ მოქალაქეების მკვლელობას ვაფინანსებთ. ეს კითხვები უნდა დასვას მედიამ და საზოგადოებამ იმ ხელისუფლების წინაშე, რომელიც სამწუხაროდ დღეს ჩვენი ქვეყნის ბედზეა პასუხისმგებელი". – თქვა ბოკერიამ. 

კომენტარები