ელ ჩაპო

ელ ჩაპოს დედა გარდაიცვალა – მექსიკური მედია

ელ ჩაპოს დედა, კონსუელო ლოერა
REUTERS/Edgard Garrido/FILE PHOTO

მექსიკური მედიის ცნობით, ელ ჩაპოს სახელით ცნობილი მექსიკელი კრიმინალური ავტორიტეტის, ხოაკინ გუზმანის დედა, კონსუელო ლოერა ბოლო რამდენიმე კვირის კერძო კლინიკაში გატარების შემდეგ გარდაიცვალა.

გუზმანების მშობლიური შტატის მთავარი გაზეთის El Sol de Sinaloa-ს ცნობით, ლოერა 94 წლის იყო. სხვა მესიკურმა გამოცემებმა, როგორიცაა El Universal, ქალის გარდაცვალების შესახებ წყაროდ "უშიშროების მაღალჩინოსნები" დაასახელეს.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, დამოუკიდებლად ინფორმაციის გადამოწმება ვერ შეძლეს და კომენტარის თხოვნაზე პასუხი ვერც გუზმანის ადვოკატისგან მიიღეს.

ლოერას ვაჟი, ელ ჩაპო, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სინალოას კარტელს, გლობალური მასშტაბის ძლიერ კრიმინალურ ორგანიზაციას, რომელიც მრავალ კონტინენტზე ტონობით ნარკოტიკს ავრცელებდა. მას მექსიკაში ათასობით ადამიანის, სხვა ბანდების წევრების, პოლიციელების, სამხედროებისა და რიგითი მოქალაქეების მკვლელობაში სდებდნენ ბრალს.

გუზმანი დანაშაულებისთვის 2019 წელს შეერთებულ შტატებში გაასამართლეს და ამჟამად კოლორადოს ციხეში სამუდამო პატიმრობას იხდის.

დედამისი, ლოერა მედიის ყურადღების ცენტრში 2020 წელს მოექცა, როდესაც სინალოას მუნიციპალიტეტის ბადირაგუატოს გარეუბანში ვიზიტისას მას მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა ჩამოართვა ხელი. პრეზიდენტმა თავისი საქციელი თავაზიანობით გაამართლა და ლოერას "პატივსაცემი მოხუცი ქალბატონი" უწოდა.

კომენტარები