ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

სირიის ცნობით, ისრაელმა დამასკოს მიმდებარედ იერიში მიიტანა

სირიის სამთავრობო მედია ავრცელებს ცნობას, რომ ისრაელმა ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს მიმდებარედ საჰაერო იერიშები მიიტანა.

როგორც სირიის სამთავრობო მედიაში ამბობენ, ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიშის მიტანა გოლანის მაღლობების ტერიტორიიდან ცადეს.

სირიის სამთავრობო მედია ირწმუნება, რომ თავდასხმა მათმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ მოიგერია. დაუზუსტებელია თუ რა იყო საჰაერო იერიშის სამიზნე.

მათივე ცნობით, რაკეტების ჩამოგდებას მხოლოდ მატერიალური ზარალი მოჰყვა.

აქამდე, 4 დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ისრაელმა დრონის გამოყენებით იერიში მიიტანა გოლანის მაღლობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ავტომობილზე, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც წარსულში, ისრაელი სირიაში მიტანილ იერიშებზე კომენტარს არ აკეთებს.

სირიაში განთავსებულია ირანის მკერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას ობიექტები და მათი შეიარაღებით მომარაგება, თეირანის შუამავლობით, სწორედ აქედან ხდება. ჰეზბოლა აკონტროლებს ისრაელის მოსაზღვრე ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს.

კომენტარები