თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. ერთი კვირის განმავლობაში კინოთეატრი ამირანი კინოს ნამდვილ დღესასწაულს მასპინძლობდა.
წლევანდელი ფესტივალი შეგრძნებების დონეზეც განსხვავებული იყო. ქართული კინოს მომავალი ბუნდოვანია, ვინაიდან არსებობს რეალური საფრთხე, რომ დაფინანსებას არა ნიჭიერი, არამედ გარკვეული პირებისადმი ლოიალური ადამიანები მიიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ განსხვავებული აზრისა და ხედვის რეჟისორები უბრალოდ ვეღარ იმუშავებენ. ამ მოვლენების ფონზე კინოფესტივალი იქცა თავისუფალი და განსხვავებული აზრის გამოთქმის შესაძლებლობის პლატფორმად, ხოლო საფესტივალო სივრცე - თანამოაზრეთა, გნებავთ, თანამებრძოლთა თავშეყრის ადგილად.
კულტურის სამინისტროს მხრიდან შეწყვეტილი დაფინანსების მიუხედავად თბილისის კინოფესტივალი იმაზე უფრო მრავალფეროვანი პროგრამით დაგვიბრუნდა, ვიდრე ველოდით და ეს ორგანიზატორთა დამსახურებაა, რომელთაც ფილმების შეფასებამდე მინდა, მადლობა გადავუხადო.
წლევანდელ პროგრამაში ყველანაირი ფილმი იყო წარმოდგენილი. ჩემი ყურადღება კი, კინოს ვეტერანებმა დაიმსახურეს. არაფერს ვუწუნებ ახალგაზრდა რეჟისორებს და მათ შესახებ მომავალში ალბათ დავწერ, მაგრამ კარგი საშუალება მეძლევა, პატივი მივაგო ბუმბერაზებს. 24-ე კინოფესტივალზე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხელწერის სამმა დიდმა რეჟისორმა საოცარი ნამუშევრებით გაგვანებივრა. როგორც წესი, კარიერის ამ ეტაპზე მყოფი ხელოვანები რბილად რომ ვთქვათ, საინტერესოს ვერაფერს ქმნიან, წესის დასამტკიცებლად გამონაკლისია საჭირო და ამ შემთხვევაში ასეთი გამონაკლისები ვიმ ვენდერსი, კენ ლოუჩი და აკი კაურისმიაკი არიან. ასაკოვანმა ჰუმანისტებმა საკუთარი ფილმები თანამედროვე სამყაროსგან გარიყულ, მარტოსულ ადამიანებს მიუძღვნეს. მიუხედავად ნოსტალგიური სენტიმენტებისა, სურათები რეფლექსიაა დღევანდელ პრობლემებზე, იქნება ეს სოციალური პირობები, ომი თუ მიგრაცია.
იდეალური დღეები
ვიმ ვენდერსის ახალი პოემა იდეალური დღეები კინოფესტივალის პირველი მარგალიტია. გერმანელმა ავტორმა კიდევ ერთხელ, როგორც სჩვევია, ქამელეონივით, ფერი იცვალა და სრულიად ავთენტური, იაპონური ფილმი გადაიღო. მთავარი გმირი კოვიდისშემდგომ ტოკიოში ტუალეტების დასუფთავების თანამშრომელი ჰირაიამაა. ფილმის დიდი ნაწილი ვხედავთ თუ როგორ ხეხავს (გენიალური) კოჯი იაკუშოს პერსონაჟი საჯარო ტუალეტებს, მაგრამ ვენდერსის ოსტატობაც იმაში გამოიხატება, რომ სანახაობა არათუ გვბეზრდება, მისგან ესთეტიკურ სიამოვნებას ვიღებთ, ვმედიტირებთ და თითოეული დღის ბოლოს სასიამოვნოდ ვიღლებით მთავარ გმირთან ერთად. ჰიროიამა რუტინითა და სამურაის ასკეტურობით ებრძვის ადამიანის უდიდეს მტერს, მარტოობას, მისი მთავარი იარაღი ძველი აუდიოკასეტებია, მაგრამ თანამედროვე სამყაროში მეტოქე ძლიერია. ნაცნობი, საყვარელი ჰანგები კი, მის წინააღმდეგ უძლურნი არიან.
ბებერი მუხა
კენ ლოუჩისგან ახალს არაფერს ველოდი, მრავალი წელია, რეჟისორი დაუღალავად უძღვნის ფილმებს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი (დიდ ბრიტანეთს სიდიდით მე-6 ეკონომიკა აქვს მსოფლიოში) ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე უპოვარ მოქალაქეებს. ამჯერად ლოუჩმა ერთდროულად ორი ჯგუფის წარმომადგენლები გაგვაცნო – ყოფილი მაღაროელების სოფლის მკვიდრი მოსახლეობა და სირიელი ემიგრანტები. სურათში კარგად ჩანს, რამდენად შეთითხნილი და თითიდან გამოწოვილია ნებისმიერი ფობია და რომ, საკმარისია, ადამიანმა ოდნავ დაძლიოს შიში და მის წინაშე ახალი, მრავალფეროვანი სამყარო გადაიშლება. ჭაობივით ჩამთრევია "სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირი" ფილოსოფიით ცხოვრება, ყველაფერი მარტივია იქამდე, სანამ უბედურება შენს კარზე არ მოაკაკუნებს და გვერდში მხოლოდ გადამთიელი არ დაგიდგება. ლოუჩმა ისტორია პრიმიტიული, მომენტებში ზედაპირული ენით გადმოგვცა, მაგრამ დღეს, პოსტსიმართლის ეპოქაში რიგ საკითხებზე მკვეთრი პოზიციის დაფიქსირება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეტაფორებით მაყურებლის დაღლა.
ჩამოცვენილი ფოთლები
ოფიციალურად ფესტივალი 2 დეკემბერს დასრულდა, დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები, ითქვა მადლობის სიტყვები, ორგანიზატორები ერთი წლით დაგვემშვიდობნენ, მაგრამ სინეფილებისთვის ფესტივალი ერთი დღის შემდეგ, აკი კაურისმიაკის ბოლო ფილმის ჩვენებით მორჩა. "დღევანდელ სისხლიან სამყაროს სჭირდება სიყვარულის ისტორიები". – ამ სიტყვებით ახსნა რეჟისორმა კანის ფესტივალზე ახალი ფილმის გადაღების აუცილებლობა. სურათში უკრაინაში მიმდინარე მოვლენები თითქოს მხოლოდ ფონია, რომელიც როგორც პერსონაჟებს, ისე მაყურებელს ახსენებს, რაოდენ ხანმოკლე შეიძლება იყოს სიცოცხლე და როგორ არ ღირს მისი უსიყვარულოდ გატარება. ოპტიმისტური ზღაპარი მარტოსულ ადამიანებზე, რომლებიც მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, ამ ცივ სამყაროში ერთმანეთის პოვნას ახერხებენ.
კაურისმიაკის ფილმი წლევანდელი კინოს ზეიმის ღირსეული დასასრული გახდა, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კი ერთი წელში დაბრუნდება, კიდევ უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი, მეტი ფილმითა და ახალი, საინტერესო სახელებით.