აფხაზეთი

სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. 1990-იან წლების შეიარაღებული მოქმედებებისას დაღუპულების იდენტიფიცირება რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

17 მეომრის ნეშტს 7 დეკემბერს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ სამხედრო პატივით, ხოლო 4 მებრძოლს, მათი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოზე. 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ICRC-ის (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის) მხარდაჭერითა და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით მომუშავე ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 2023 წელს 55-ზე მეტი ადამიანის ნეშტი ამოიცნეს და ოჯახებს გადასცეს.

"ეს ნეშტები აფხაზეთში სხვადასხვა ლოკაციაზე იქნა მოძიებული. 2010 წელს საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, სულ მოძიებულია და ოჯახებს გადაეცა 273 ადამიანის ნეშტი. 1992-1993 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, დღეისათვის, 1 870 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც დაკარგულად ითვლება, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადასაცემად, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს" - აცხადებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.

კომენტარები