უნგრეთი-ევროკავშირი

უნგრეთის საგარეო მინისტრი: ზეწოლის მიუხედავად, არ შევიცვლით პოზიციას უკრაინის გაწევრებაზე

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ევროკავშირში გაწევრებაზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების საკითხზე და თქვა, რომ უნგრეთის პოზიცია კარგად გააზრებულია. მისი თქმით, უკრაინა, როგორც გაწევრებისგან, ასევე ამ საკითხზე მოლაპარაკების დაწყებისგან, ძალიან შორს არის. 

"უნგრეთის პოზიცია უკრაინის გაწევრების საკითხზე კარგად გააზრებულია და მანდ არანაირ შანტაჟსა და "თამაშებს" ადგილი არ აქვთ. ჩვენ უარს ვამბობთ, ერთმანეთში ავურიოთ საკითხები, რომლებსაც ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. ჩვენ კვლავ ვერ ვხედავთ, ვერც უნგრელი ხალხი, ვერც უნგრეთის პარლამენტი და ვერც უნგრეთის მთავრობა - რატომ არის კარგი ევროპისთვის, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან. უკრაინა ძალიან შორს არის წევრობის მზაობასთან ან თუნდაც მოლაპარაკებებისგან, ამიტომ, პირველ რიგში, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება უფრო დროული იქნება". – ამბობს სიიარტო.

სიიარტომ ხაზი გაუსვა, რომ ზეწოლის მიუხედავად, უნგრეთის საკუთარ პოზიციას არ შეიცვლის. 

"ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ არ შევიცვლით ჩვენ პოზიციას და ევროპული ერთიანობის შესანარჩუნებლად გთავაზობთ, მომდევნო კვირის ბრიუსელის შეხვედრის დღის წესრიგიდან მოხსნათ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება". – წერს სიიარტო.

8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდნენ. კომისიის შეფასება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა.

10 დეკემბერს, ევროპულ საბჭოში 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა უნდა გადაწყვეტილება მიიღონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების შესახებ. 

გადაწყვეტილების დამტკიცებას ყველა წევრის თანხმობა სჭირდება. 

უნგრეთის ხელისუფლებამ არაერთხელ თქვა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები გაწევრების შესახებ არ უნდა დაიწყოს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინამ შეასრულა ევროკომისიის მიერ მისთვის წარდგენილი პირობების 90%-ზე მეტი. უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლები მთავარ არგუმენტად უკრაინაში მიმდინარე ომს ასახელებენ. 

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა 18 ნოემბერს გამოსვლისას თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრებისგან უკრაინა სინათლის წელიწადით არის დაშორებული.

კომენტარები