ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF-ის მეთაური: ჰამასის გვირაბების ზღვის წყლით დატბორვა კარგი აზრია

მარცხნივ - ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ჰერცი ჰალევი, მარჯვნივ - ისრაელელი ჯარისკაცი ჰამასის გვირაბის შესასვლელთან
IDF & RONEN ZVULUN/Reuters

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა ჰერცი ჰალევიმ გუშინ, 5 დეკემბერს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ჰამასის გვირაბების ქსელის დატბორვა "კარგი აზრია". მანამდე, გამოცემა The Wall Street Journal-მა, ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელი ღაზაში ჰამასის გვირაბების დატბორვის გეგმას განიხილავდა.

"ღაზაში დიდი რაოდენობით მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას ვხედავთ, რაც მანამდეც ვიცოდით. მიზნის ნაწილი, ამ ინფრასტრუქტურის განადგურებაა." - თქვა ჰალევიმ გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობებთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხისას.

"ჩვენ სხვადასხვანაირი გზა გვაქვს, დეტალებზე არ დავკონკრეტდები, მაგრამ ეს მოიცავს ფეთქებად ნივთიერებებს, და სხვა საშუალებებს, რათა ჰამასის მიერ ჩვენი ჯარისკაცების წინააღმდეგ გვირაბების გამოყენება აღვკვეთოთ." - თქვა მან.

"მაშასადამე, ნებისმიერი საშუალება, რომელიც გვირაბების მქონე მტერზე უპირატესობას გვაძლევს, მათ ამ საშუალებას ართმევს, განხილვად ღირს. ეს კარგი აზრია, მაგრამ არ დავკონკრეტდები." - დაამატა მან.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა წყლის ტუმბოები ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკის ჩრდილოეთით დაამონტაჟეს. მათი მეშვეობით ისრაელს ხმელთაშუა ზღვიდან საათში ათასობით კუბური მეტრი წყლის გადატანა და გვირაბებში ჩაშვება შეუძლია, რითაც ჰამასის გვირაბების ქსელი რამდენიმე კვირაში შეიძლება დაიტბოროს.

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ამგვარი სტრატეგია, ერთი მხრივ, ჰამასის ტერორისტებს მიწისქვეშა თავშესაფრიდან გამოსვლას აიძულებს, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ქმედებამ შესაძლოა ღაზაში წყლის მიწოდებას საფრთხე შეუქმნას.

დატბორვის ხანგრძლივი პროცესის განმავლობაში ჰამასის ტერორისტებს აყვანილ მძევლებთან ერთად გვირაბებიდან გამოსვლა მოუწევთ, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, აპირებს თუ არა ისრაელი დატბორვის დაწყებას მანამ, სანამ ჰამასის ტყვეობაში ჯერ კიდევ 137 მძევალი რჩება.

გვირაბების დატბორვის გეგმის შესახებ ისრაელმა აშშ-ს წინა თვეში შეატყობინა. ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ისრაელს გეგმის შესრულება ჯერჯერობით არ ჰქონდა გადაწყვეტილი.

კომენტარები