ОДКБ

სომხეთის პარლამენტის სპიკერი ОДКБ საპარლამენტო ასამბლეის სხდომას არ დაესწრება

სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი
Echokavkaza

სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი ОДКБ-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას არ დაესწრება.

როგორც სიმონიანის პრეს სამსახურის უფროსი ცონივარ ხაჩატრიანი ამბობს, სპიკერმა ამის შესახებ თავის კოლეგას რუსეთის დუმაში, ვიაჩესლავ ვოლოდინს ოფიციალური წერილით შეატყობინა. 

"ალენ სიმონიანი ОДКБ-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას არ დაესწრება. ამის შესახებ მან საქმის კურსში ჩააყენა რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი. სხდომაში მონაწილეობა არც სომხეთის საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს". – ამბობს ხაჩატრიანი.

ОДКБ-ს საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, მოსკოვში გაიმართება.

23 ნოემბერს ჩატარებულ ОДКБ-ს 2-დღიან სამიტს არ დაესწრო სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

20 ნოემბერს სომხეთმა ასევე უარი თქვა ОДКБ-ს დახმარებაზე, რომელიც სამიტზე უნდა დაემტკიცებინათ.

2023 წლის იანვარში ფაშინიანმა სომხეთის ტერიტორიაზე ОДКБ-ს სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე უარი თქვა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ "მექმნება შთაბეჭდილება, რომ ОДКБ სომხეთს ტოვებს". ასევე იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში პრემიერმინისტრმა თქვა, რომ უშიშროების სფეროში რუსეთზე სომხეთის დამოკიდებულება შეცდომა იყო.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია იგივე ОДКБ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამხედრო ალიანსია, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. მისი ამჟამინდელი წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ОДКБ-ს წევრი იყო საქართველოც, 1999 წლამდე. ამ ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან აზერბაიჯანი და უზბეკეთიც.

კომენტარები