ალექსეი ნავალნი

ნავალნის თქმით, პროკურატურამ მას ახალი ბრალდება წაუყენა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თქმით, პროკურატურამ მას ახალი ბრალდება წაუყენა. 

ნავალნი ამჟამად უკვე სასჯელს იხდის "თაღლითობისთვისა" და "ექსტრემიზმისთვის". მისი სასჯელი ჯამში უკვე 30-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მისი თანაშემწეების მიხედვით, პროკურატურამ ნავალნის ბრალი ამჯერად სისხლის სამართლის 214 მუხლით წაუყენა, რაც ვანდალიზმსაც გულისხმობს. 

"წარმოდგენა არ მაქვს, რა არის 214-ე მუხლი და შეუძლებელია მისი ნახვა. თქვენ ჩემზე ადრე გაიგებთ. ისინი მართლაც ახალ კრიმინალურ საქმეს იწყებენ ჩემ წინააღმდეგ ყოველ სამ თვეში. იშვიათად, რომ წელიწადზე მეტი დროის მანძილზე სამარტოო საკანში მყოფ პატიმარს ჰქონდეს ასეთი ენერგიული სოციალური და პოლიტიკური არსებობა". – ამბობს ნავალნი.

ალექსეი ნავალნი თაღლითობის ბრალდებით უკვე 9-წლიან პატიმრობას იხდიდა ვლადიმირის რეგიონის მეექვსე კოლონიაში, რა დროსაც 19 აგვისტოს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მას ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე დამატებით 19 წელი მიუსაჯა.  

ამასთან ერთად, 13 ოქტომბერს მოსკოვში ალექსეი ნავალნის სამი ადვოკატი – ვადიმ კობზევი, ალექსეი ლიპცერი და იგორ სერგუნინი პოლიციამ დააკავა.

სამივე ადვოკატს "ექსტრემისტულ გაერთიანების" წევრობა ედება ბრალად. დაკავებულთა სახლებში სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

კოლეგების დაკავების ფონზე, ოქტომბერში რუსეთი დატოვა ალექსეი ნავალნის მეოთხე ადვოკატმა ალექსანდრ ფედულოვმა.

 

კომენტარები