განათლების სამინისტრო

ამილახვარი: VI, IX და XII კლასებში შემოვიტანთ განმსაზღვრელ, ანუ სადიაგნოსტიკო შეფასებებს

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სკოლებში შეფასების სისტემის დაგეგმილი ცვლილების ახალ დეტალებზე ისაუბრა. ამილახვარის თქმით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში მეორე ეტაპის ცვლილებებში იგეგმება ე. წ. ეროვნული შეფასების დანერგვა მე-6, მე-9 და მე-12 კლასებში. 

"სკოლებში CAT-ის გამოცდების გაუქმების შემდგომ განმსაზღვრელი შეფასებები საერთოდ აღარ გვაქვს და ვმუშაობთ ე. წ. ეროვნულ შეფასებაზე, რომ მე-6, მე-9 და მე-12 კლასში, პირველ ეტაპზე, შემოვიტანოთ განმსაზღვრელი ანუ სადიაგნოსტიკო შეფასებები. შემდგომ, ალბათ, წლების განმავლობაში, როდესაც სისტემა უკვე კარგად აპრობირებული გახდება, სავალდებულოც გავხადოთ". – თქვა ამილახვარმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.

განათლების მინისტრის თქმით, ცვლილებები არ გულისხმობს შეფასების სისტემის გაუქმებას, არამედ სკოლებისა და მასწავლებლებისთვის ავტონომიის მინიჭებაზეა ორიენტირებული. მისივე თქმით, სკოლებს შეეძლებათ თავად აირჩიონ შეფასების სისტემა, იქნება ეს 100-ქულიან შკალა თუ ABC სისტემა (სისტემა, რომელშიც არსებობს შეფასების 6 ნიშანი: A, B, C, D, E და F-ი), თუმცა საბოლოოდ უნდა კონვერტირდეს 10-ქულიან მოდელში.

"როგორ შეიძლება, ჩვენ თავში მოგვსვლოდა, რომ [შეფასების სისტემა] გავაუქმოთ, პირიქით, ჩვენ გავაუქმეთ იმ კონკრეტული მეთოდის სავალდებულოობა, რომელსაც თავად მასწავლებლები და სკოლები ითხოვდნენ, მივეცით არჩევანის თავისუფლება - თუ მათ მოსწონთ ის მოდელი, რომლითაც აქამდე მიდიოდნენ, სრული უფლება აქვთ ასე გააგრძელონ. კითხვებიც გაჩნდა, რომ როგორ გადაერთვებიან - ნებისმიერ დროს შეუძლიათ ახალ მოდელზე გადავიდნენ, ეს შეიძლება იყოს ABC, შეიძლება იყოს 100 ქულიანი მოდელი, თუმცა ეს უნდა კონვერტირდებოდეს შემდგომ 10 ქულიან მოდელში. თვითონ გადაწყვიტოს, შეაფასებს სემესტრის შუაგულში, სემესტრის ბოლოს, რამდენჯერ გამოიყენებს შეფასებას ერთ საგანში" - თქვა ამილახვარმა. 

22 ნოემბრიდან, სამინისტროს ინიციატივით,  სკოლებში გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები. უწყების ცნობით, სკოლებს თავად შეუძლიათ, განმსაზღვრელი შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები შექმნან, რომლის მიხედვითაც, სასკოლო სისტემაში დაწერილი ნიშნების კონვერტირება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ 10 ბალიან სისტემაში მოხდება.

ვრცლად ცვლილებების შესახებ: 

 

კომენტარები