ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ერდოღანი: ჩვენ ამას ღიად ვამბობთ – ისრაელო, შენ გაქვს ატომური ბომბი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი არ შეეგუება ისრაელის პოლიტიკას, რომელიც მუდმივ ოკუპაციას, მიწების მიტაცებას და ჩაგრულთა ხოცვას მოიცავს, რათა ღაზა დაუსახლებელ ტერიტორიად იქცეს. ამის შესახებ ერდოღანმა ალჟირი-თურქეთის ბიზნესფორუმზე ისაუბრა.

ამავდროულად, თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა. ერდოღანის შეფასებით, ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უნდა გადაეცეს.

"თავდასხმებმა, რომელებსაც 13 000-ზე მეტი ჩვენი პალესტინელი ძმა ემსხვერპლა, კიდევ ერთხელ აჩვენა ისრაელისა და მისი მხარდამჭერების ნამდვილი სახე და მიზანი. ამის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის მიერ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები სანქციების გარეშე არ დარჩეს. ყველა კეთილსინდისიერ ქვეყანას, ისლამურ სამყაროსთან ერთად, ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ ისრაელმა აღარ გაიმეოროს მსგავსი სისასტიკეები. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვიცოდეთ. ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა და ამის თქმაზე ყოყმანი საჭირო არ არის. ეს არის სიმართლე.

ნეთანიაჰუ წასულია. ისრაელელი ხალხიც კი მას მხარს აღარ უჭერს. თურქეთი არ დაუშვებს ბირთვული იარაღისა და ატომური ბომბების საკითხის დავიწყებას. ისრაელო, თქვი გაქვს თუ არა ატომური ბომბი. მას ამის თქმა არ შეუძლია, მაგრამ ნახეთ, ჩვენ ამას ვამბობთ – ისრაელო, შენ გაქვს ატომური ბომბი. ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის, მათ შორის, თურქეთის უსაფრთხოებას, ჩვენ წარვადგენთ ინიციატივებს, როგორც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, ასევე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წინაშე". - თქვა ერდოღანმა.

კომენტარები