საპრეზიდენტო არჩევნები არგენტინაში

არგენტინის ახალარჩეული პრეზიდენტი: არგენტინის მომავალი ლიბერალურია

ხავიერ მილეი, არგენტინის არჩეული პრეზიდენტი

არგენტინის ახალარჩეულმა მემარჯვენე პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ ბუენოს აირესში თავის ამომრჩევლებს გამარჯვების შემდეგ სიტყვით მიმართა. მილეიმ აღნიშნა, რომ მის მთავრობას მუშაობა რთულ პირობებში მოუწევს და ქვეყანაში არსებულ ინფლაციას, სიღატაკესა და სამუშაო ადგილების უკმარისობას გაუსვა ხაზი, რაც, მისი თქმით, მხოლოდ ლიბერალური რეფორმებით გადაიჭრება.

"პირქუში მდგომარეობის მიუხედავად, მინდა გითხრათ, რომ არგენტინას მომავალი აქვს. ეს მომავალი არსებობს, თუკი ის ლიბერალურია". – თქვა მილეიმ.

მილეიმ დაამატა, რომ ამისათვის საჭიროა ძირფესვიანი და უკომპრომისო რეფორმები. მისი თქმით, ახალი მთავრობა ქვეყანაში მდგომარეობას სრულად გარდაქმნის.

"დღეს იწყება არგენტინის აღმშენებლობა. დღეს იწყება არგენტინის დაღმასვლის დასასრული. დღევანდელმა დღემ დაასრულა ყველგან მყოფი სახელმწიფოს გამღატაკებელი მოდელი, რომლითაც მხოლოდ ზოგი ხეირობს და უმრავლესობა იტანჯება. [...] ადგილი არ უნდა ჰქონდეს გრადუალიზმს. ადგილი არ უნდა ჰქონდეს სანახევრო ზომებს“. – თქვა მილეიმ.

ასევე, მილეიმ აღნიშნა, რომ ყველას მიესალმება, ვისაც არგენტინაში დამკვიდრებული მმართველობის მოდელის შეცვლა სურს. მილეის თქმით, მისი მთავრობა დაუპირისპირდება პერონისტული კოალიციის პოპულისტურ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ფარგლებშიც სახელმწიფო პროგრამებისთვის დიდ თანხას ხარჯავდა და მოსახლეობას "შეზღუდულ მთავრობას, კერძო საკუთრების პატივისცემასა და თავისუფალ ვაჭრობას" შესთავაზებს.

"დეკადენტობის მოდელი დასრულდა. უკან გზა აღარ არსებობს". – თქვა მილეიმ.

მილეიმ თქვა, რომ მმართველობის ლიბერტარიანული მოდელის მიღებით არგენტინა დაიბრუნებს გლობალური ძალის სტატუსს და თავისუფალ სამყაროსთან ითანამშრომლებს.

"დღეს ჩვენ ისტორიის ახალ ფურცელს ვშლით და ვუბრუნდებით გზას, რომელიც არასდროს არ უნდა მიგვეტოვებინა. [...] დღეს ჩვენ ვიღებთ ლიბერტარიანულ მოდელს, რათა ისევ ვიყოთ გლობალური ძალა. [...] მხარდამხარ ვიმუშავებთ თავისუფალი სამყაროს ყველა ქვეყანასთან, რათა უკეთესი მსოფლიო ავაშენოთ". - თქვა მილეიმ.

მილეიმ მადლობა გადაუხადა "კარგ არგენტინელებს", თავის დასა და კამპანიის მენეჯერს, კარინა მილეის და ყველას, ვინც კამპანიაში დაეხმარა. მანვე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა არგენტინის ექსპრეზიდენტს მაურისიო მასრისა და დამარცხებულ საპრეზიდენტო კანდიდატს პატრისია ბულრიჩს, რომლებმაც პირველ რაუნდში დამარცხების შემდეგ მეორე ტურში მილეის მხარი დაუჭირეს. 

არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიბერტარიანელმა ხავიერ მილეიმ გაიმარჯვა

19 ნოემბერს არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც ლიბერტარიანელმა კანდიდატმა ხავიერ მილეიმ გაიმარჯვა. მილეიმ მეორე ტურში ხმების 56% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა სერხიო მასამ - 44%. არჩევნების პირველ ტურში, სერხიო მასამ 36%, ხოლო ხავიერ მილეიმ 30% მიიღო. 

ხავიერ მილეი არგენტინაში ხისტი პოლიტიკის მომხრე პოლიტიკოსად ითვლება. ის არგენტინელ ხალხს დაპირდა, რომ ქვეყანაში მკაფიო ცვლილებებს მოახდენს და დაანგრევს ორთოდოქსულ ეკონომიკურ სისტემას. 

არგენტინაში ბოლო პერიოდში მთავარი პოლიტიკური საკითხი ეკონომიკური კრიზისი იყო - დაფიქსირდა 143%-იანი ინფლაცია და სიღარიბის რეკორდული დონე. ხავიერ მილეის საარჩევნო კამპანიის მთავარი აქცენტები ეროვნული ბანკის დაშლა, ეკონომიკის დოლარზე მიბმა, სამინისტროების რაოდენობის განახევრება და სოციალური სუბსიდიების შეკვეცა იყო. 

კომენტარები