საპრეზიდენტო არჩევნები არგენტინაში

მასა - 36%, მილეი - 30% - არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა

არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი ხავიერ მილეი
Anita Pouchard Serra/Bloomberg

არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 22 ოქტომბერს ჩატარდა. მიღებული ხმების რაოდენობით პირველ ადგილზეა მემარცხენე კანდიდატი სერხიო მასა, რომელმაც 8,877,325 ხმა მოიპოვა, რაც 36.33%-ს შეადგენს. ხოლო ულტრამემარჯვენე ლიბერტარიანელმა კანდიდატმა ხავიერ მილეიმ - 7,373,876 ხმა მიიღო, რაც 30.18%-ია. 

მესამე ადგილზე გასულმა პატრისია ბულრიხმა კვირა საღამოსვე აღიარა დამარცხება, მან ხმების 23.82% აიღო. 

არჩევნებზე მოსახლეობის 75%-მა (25 მილიონი) მიიღო მონაწილეობა, თუმცა 18-დან 70 წლამდე არგენტინელებისთვის არჩევნებში ხმის მიცემა სავალდებულოა. 

მეორე ტურის ასარიდებლად საპრეზიდენტო კანდიდატს პირველ ტურში ან 45%-ის აღება, ან 40%-ის აღება და 10-ქულიანი უპირატესობა სჭირდებოდა. ვინაიდან კანდიდატებიდან ეს ვერავინ მოახერხა, არჩევნების მეორე ტური 19 ნოემბერს გაიმართება, სადაც სერხიო მასა და ხავიერ მილეი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

არჩევნების შედეგების მიხედვით, სახელისუფლებო კოალიციის კანდიდატ სერხიო მასას, რომელიც არგენტინის ეკონომიკის მინისტრია, ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად დიდი მხარდაჭერა აქვს. წინასაარჩევნო გამოკითხვებში ხავიერ მილეი ლიდერობდა, თუმცა არჩევნებზე ეს მოლოდინები არ გამართლდა. 

მილეი საკუთარი დახასიათებით "ანარქო-კაპიტალისტია". მას აშშ დოლარის არგენტინის ოფიციალურ ვალუტად მიღებასა და ქვეყნის ცენტრალური ბანკის გაუქმების შესახებ იდეები აქვს გაჟღერებული. იგი ასევე გადასახადებისა და სახელმწიფო ხარჯების მკვეთრ შემცირებას ემხრობა. ამას გარდა, მას საწარმოების დახურვა ან პრივატიზება, ხოლო ჯანდაცვის, განათლებისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაუქმება სურს. 

მილეი ეწინააღმდეგება აბორტს და იარაღის შესყიდვის გამარტივებას ემხრობა. მისი თქმით, კლიმატის ცვლილება "სოციალისტური ტყუილია". ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს კი მან რომის პაპს "მკვლელი კომუნისტების მოყვარე" უწოდა

არჩევნების პარალელურად არგენტინაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე რთული ეკონომიკური მდგომარეობაა. ქვეყანაში სამნიშნა ინფლაციაა, ცენტრალური ბანკის რეზერვები ცარიელია, ხოლო ექსპერტები ეკონომიკის რეცესიას მოელიან.

კომენტარები