ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰუსიტებმა წითელ ზღვაში ისრაელის მოქალაქის კუთვნილი სატვირთო გემი გაიტაცეს

ჰუსიტების მიერ გატაცებული სატვირთო გემი Galaxy Leader
Chris Hunsicker

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში სატვირთო ხომალდი Galaxy Leader-ი გაიტაცეს. გემის გატაცებას ისრაელიც ადასტურებს, თუმცა უარყოფს თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სატვირთო ხომალდი ისრაელურია.

"ჰუსიტების მიერ იემენთან ახლოს, წითელი ზღვის სამხრეთში, სატვირთო ხომალდის გატაცება ძალიან სერიოზული ინციდენტია, რასაც გლობალური შედეგები ექნება". - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ცნობით, გატაცებული გემი თურქეთიდან ინდოეთისკენ მიცურავდა და მასზე 52 სხვადასხვა ეროვნების სამოქალაქო ეკიპაჟი იმყოფებოდა. IDF-ის წარმომადგენელი დანიელ ჰაგარი ადასტურებს, რომ გემზე ისრაელის მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.

გატაცებული სატვირთო ხომალდი ბრიტანული კომპანიის ქვეშ არის დარეგისტრირებული, რომლის წილსაც ისრაელელი მაგნატი აბრაამ უნგარი ფლობს. მიმდინარე ცნობებით, ამ დროისთვის გემის მართვა იაპონურ კომპანიას იჯარით აქვს აღებული.

19 ნოემბერს იემენში ირანიდან მართულმა ჰუსიტების შეიარაღებულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ისრაელის დროშის ქვეშ მცურავი ან ისრაელური კომპანიის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი ხომალდი მათი სამიზნე გახდებოდა.


იემენში "ჰუსიტები" ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც 1990-იან წლებში დაარსდა. ისინი იემენის მთავრობის წინააღმდეგ იბრძვიან და ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარება სურთ. მათი გაცხადებული მიზანია ისრაელის, აშშ-სა და ებრაელების განადგურება. ჰუსიტები ჩართულნი იყვნენ 2011 წლის “არაბული გაზაფხულის” საპროტესტო აქციებში. 2014 წელს მათ იემენის დედაქალაქის დაკავება შეძლეს, 2015 წლიდან კი საუდის არაბეთის კოალიცია ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ კონფლიქტში ჩაერთო.

გაეროს თქმით, იემენში კონფლიქტმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე იემენში 377 000 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 150 000 უშუალოდ სამხედრო მოქმედებებს ემსხვერპლა, 60% კი შიმშილმა, ასევე საჭირო ჯანდაცვისა და უსაფრთხო წყლის არარსებობამ იმსხვერპლა. ამას გარდა, 4.5 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, ხოლო მოსახლეობის 80%-ს, ანუ 24.1 მილიონ ადამიანს, ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.

კომენტარები