ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაცია გრძელდება

©2023 Maxar Technologies/AFP

ღაზის სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაცია ისევ მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ, ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალ-შიფას ჰოსპიტალს ჰამასი ერთ-ერთ სამხედრო სამეთაურო ცენტრად იყენებდა. 15 ნოემბერს ჰამასის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, იუსეფ აბულ რეეშმა თქვა, რომ რამდენიმე ათეული ისრაელელი ჯარისკაცი ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზეა. 

ასევე, ისრაელის ცნობით, საავადმყოფოს სარდაფში ისრაელიდან გატაცებული ტყვეები არიან და ჰამასი საავადმყოფოს ტერიტორიას იარაღის შესანახადაც იყენებს. ისრაელის ანონიმური სამხედრო წყაროს თქმით, ისრაელის არმიამ ზუსტად იცის თუ რა არის ალ-შიფას საავადმყოფოში და ეს ოპერაცია შესაძლოა უფრო გაფართოვდეს. წყაროს თქმით, ბრძანების მიხედვით, ჯარისკაცები ალ-შიფას საავადმყოფოში მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შესულიყვნენ, თუ ზუსტად ეცოდინებოდათ რა და სად იმალებოდა საავადმყოფოს ტერიტორიაზე, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ რანტისის საავადმყოფოში გააკეთეს. 

თეთრმა სახლმა ალ-შიფას საავადმყოფოში IDF-ის ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ იქ მყოფი პაციენტები და მშვიდობიანი მოსახლეობა ყველაფრის ფასად დაცული უნდა იყოს. 

IDF-ის ცნობით, ისრაელის ოპერაცია ზუსტია და მიზანში მხოლოდ სამხედრო სტრატეგიული წერტილებია ამოღებული. ამასთან, ისრაელმა ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოს სამედიცინო აპარატურა და მეტიკამენტები გადასცა. 

რამდენიმე დღით ადრე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღაზაში რანტისის საავადმყოფოს სარდაფს ჰამასი იარაღის შესანახად იყენებდა. ოპერაციისას ისრაელელმა ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს, როგორც იარაღი, ასევე ნიშნები იმისა, რომ სარდაფში ტყვეები, მათ შორის ბავშვები, იყვნენ დატყვევებულები. 

კომენტარები