არასამთავრობო ორგანიზაციები

CSRDG-სა და ევროკავშირის ორგანიზებით წინანდალში სათემო ლიდერთა ფორუმი გაიმართება

CSRDG

16-17 ნოემბერს, კახეთში, რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში, სათემო ლიდერთა ფორუმი 2023 გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) თემის განვითარების პროგრამის ორგანიზებითა და ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ხორციელდება.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ თემის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე, სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სათემო ლიდერთა წლევანდელი ფორუმი მრავალფეროვანი პროგრამითაა წარმოდგენილი.

სტუმრები გაეცნობიან სხვადასხვა საინტერესო სათემო ორგანიზაციასა და მათ პროექტებს, ჩაერთვებიან არაერთ პანელურ დისკუსიაში და მონაწილეობას მიიღებენ 2021-2022 წლების საუკეთესო სათემო ინიციატივის დაჯილდოებაში.

"თემის გაძლიერება დამატებით შესაძლებლობებს ქმნის მოსახლეობისთვის გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი, მოახდინონ ცოდნისა და გამოცდილების ეფექტიანი რეალიზება და წარმოადგინონ მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის გზები. აღნიშნული ფორუმით ხელს ვუწყობთ სათემო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და აქტიურ მოქალაქეებს ხმამაღლა ისაუბრონ საკუთარი მიღწევების შესახებ, გაუზიარონ ერთმანეთსა და ფართო საზოგადოებას არაჩვეულებრივი ინიციატივები, გაიცნონ პოტენციური პარტნიორები და მიიღონ ინფორმაცია მათთვის აქტუალურ საკითხებზე". - აცხადებს CSRDG-ის აღმასრულებელი დირექტორი ეკა ურუშაძე. 

პროექტს ასევე მხარს უჭერს, ორგანიზაცია პური მსოფლიოსთვის, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ნორვეგია და ბირმინგემის უნივერსიტეტი.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ერთ-ერთი პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან საქართველოს მასშტაბით მუშაობს.  

კომენტარები