ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

22 დეკემბრიდან ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას Pegasus-ი იწყებს – აეროპორტების გაერთიანება

პეგასუსის ავიახაზები
wikipedia.org

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2023 წლის 22 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას თურქული ავიაკომპანია Pegasus-ი იწყებს. 

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის თქმით, ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.

"ერთობლივი ძალისხმევით კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დავასრულეთ. შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Pegasus-ი დეკემბრის ბოლოდან, კვირაში სამჯერ სიხშირით, სტამბულის მიმართულებით იფრენს.

საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანია Pegasus-მა სტამბულში, საავიაციო ფორუმ Routes World-ის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. სტამბული არის ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, ძალიან წარმატებული იქნება და იმერეთის რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს" - თქვა ქარქაშაძემ.

კომპანია Pegasus-ი ფრენებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან რამდენიმე წელია ასრულებს. 

კომენტარები