ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო რეიდისას ისრაელის ჯარისკაცებმა ჰამასის სპეციალური ოპერაციების რაზმის - ნუხბას მეთაური და ამ ჯგუფის მებრძოლები მოკლეს. ნუხბა ჰამასის ელიტური დანაყოფია, რომლის მებრძოლებიც 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო დანაყოფმა ღაზაში ჩაატარა ოპერაცია, რომლისთვისაც საჭირო სადაზვერვო ინფორმაცია თავდაცვის ძალებს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა - შინ ბეთმა მიაწოდა.
IDF-ის თქმით, ისრაელელმა სამხედროებმა ჯაბალიაში მოკლეს ნუხბას მეთაური, აჰმედ მუსა და ნუხბას ოცეულის მეთაური, ამრ ალჰანდი. ისრაელის მხარის მტკიცებით, აჰმედ მუსა მეთაურობდა ნუხბას მებრძოლებს ისრაელის ზიკიმის ბაზაზე და მიმდებარე კიბუცებზე თავდასხმაში.
"ბოლო დღეებში აჰმედ მუსა ხელმძღვანელობდა თავდასხმებს ისრაელის თავდაცვის ძალებზე დასავლეთ ჯაბალიაში" - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.





