აშშ

აშშ: 17 ოქტომბრის შემდეგ ერაყსა და სირიაში ჩვენსა და კოალიციის ჯარებს 46-ჯერ დაესხნენ თავს

პენტაგონი
politico

პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ახლო აღმოსავლეთში ბოლო სამი კვირის განმავლობაში 46-ჯერ დაესხნენ თავს.

"17 ოქტომბრის შემდეგ აშშ-სა და კოალიციის ძალებს თავს დაესხნენ სულ მცირე  46-ჯერ, მათ შორის 24-ჯერ ერაყში და 22-ჯერ სირიაში დრონებისა და რაკეტების გამოყენებით". - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში. 

ამავე ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად 56 ადამიანი დაშავდა.

აქამდე, 8 ნოემბერს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ აშშ-მ აღმოსავლეთ სირიაში ბოლო კვირების განმავლობაში მეორედ მიიტანა იერიში იარაღის შესანახ ობიექტზე.  

როგორც პენტაგონის განცხადებაშია აღნიშნულია, იარაღის შესანახ ობიექტებს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი (IRGC) და მასთან დაკავშირებული ჯგუფები იყენებდნენ.

ამასთან, განცხადებაშია ნათქვამია, რომ იერიშები მიიტანეს F-15-ის ტიპის ორი ამერიკული გამანადგურებლით. პენტაგონის განცხადებით, ეს იყო საპასუხო ქმედება აშშ-ს ძალებზე ბოლოდროინდელ თავდასხმებზე.

ამასთან, 7 ნოემბერს პენტაგონის პრესსპიკერმა, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პატ რაიდერმა აღნიშნა, რომ 17 ოქტომბრის შემდეგ ერაყსა და სირიაში აშშ-ს ბაზებზე რაკეტებითა და დრონებით იერიშები 38-ჯერ მიიტანეს. 

მისივე თქმით, იერიშებზე პასუხისმგებელი ირანთან დაკავშირებული ჯგუფებია. 

პენტაგონის პრესსპიკერის თქმითვე, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში ოთხი მთავარი მიზანი აქვს:

  • რეგიონში აშშ-ს სამხედროებისა და მოქალაქეების დაცვა;
  • ჰამასის ჯგუფის წინააღმდეგ ისრაელის თავდაცვისთვის "კრიტიკული უსაფრთხოების დახმარების" უზრუნველყოფა;
  • ისრაელისთვის დახმარების გაწევა მძევლების გათავისუფლების პროცესში;
  • ჰამასსა და ისრაელს შორის ომის მასშტაბის გაფართოების თავიდან აცილება რეგიონში აშშ-ს პოზიციების ზრდის ხარჯზე.

კომენტარები