აშშ

ბოლო კვირებში აღმოსავლეთ სირიაში იარაღის შესანახ ობიექტზე იერიში მეორედ მივიტანეთ – აშშ

ლოიდ ოსტინი
Chad McNeeley/DOD

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ-მ აღმოსავლეთ სირიაში ბოლო კვირების განმავლობაში მეორედ მიიტანა იერიში იარაღის შესანახ ობიექტზე.  

როგორც პენტაგონის განცხადებაშია აღნიშნულია, იარაღის შესანახ ობიექტებს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი (IRGC) და მასთან დაკავშირებული ჯგუფები იყენებდნენ.

ამასთან, განცხადებაშია ნათქვამია, რომ იერიშები მიიტანეს F-15-ის ტიპის ორი ამერიკული გამანადგურებლით. პენტაგონის განცხადებით, ეს იყო საპასუხო ქმედება აშშ-ს ძალებზე ბოლოდროინდელ თავდასხმებზე.

"ამერიკის შეერთებული შტატები სრულად არის მზად, მიიღოს შემდგომი აუცილებელი ზომები ჩვენი ხალხისა და ჩვენი ობიექტების დასაცავად. ჩვენი პერსონალი გააგრძელებს ISIS-ის საწინააღმდეგო მისიების შესრულებას ერაყსა და სირიაში". - ნათქვამია განცხადებაში.

აქამდე, 7 ნოემბერს პენტაგონის პრესსპიკერმა, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პატ რაიდერმა აღნიშნა, რომ 17 ოქტომბრის შემდეგ ერაყსა და სირიაში აშშ-ს ბაზებზე რაკეტებითა და დრონებით იერიშები 38-ჯერ მიიტანეს. 

მისივე თქმით, იერიშებზე პასუხისმგებელი ირანთან დაკავშირებული ჯგუფებია. 

პენტაგონის პრესსპიკერის თქმითვე, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში ოთხი მთავარი მიზანი აქვს:

  • რეგიონში აშშ-ს სამხედროებისა და მოქალაქეების დაცვა;
  • ჰამასის ჯგუფის წინააღმდეგ ისრაელის თავდაცვისთვის "კრიტიკული უსაფრთხოების დახმარების" უზრუნველყოფა;
  • ისრაელისთვის დახმარების გაწევა მძევლების გათავისუფლების პროცესში;
  • ჰამასსა და ისრაელს შორის ომის მასშტაბის გაფართოების თავიდან აცილება რეგიონში აშშ-ს პოზიციების ზრდის ხარჯზე.

კომენტარები