მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

შსს: მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს გატაცებული მოქალაქის დაბრუნება

კირბალიდან გატაცებული მოქალაქის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად ე.წ სამხრეთ ოსეთის მარიონეტულ რეჟიმთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ვალერი თელიამ ისაუბრა. 

"დაწყებულია გამოძიება, ინფორმირებულია სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ ყველა შესაბამისი ორგანო. როგორც ხედავთ, ჩვენც გამოძიების ფარგლებში, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მოქალაქეების უსაფრთხოება და ასევე მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს გატაცებული მოქალაქის დაბრუნება" - თქვა ვალერი თელიამ. 

კირბალის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულია თამაზ გინტურის კუთვნილი ავტომობილი. რატომ არ ხდება მანქანის გადმოყვანა - ამ შეკითხვაზე შსს-ის წარმომადგენელმა უპასუხა:

"როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული ტერიტორია არის ოკუპირებული, და ტერიტორიაზე ჩვენ ფიზიკურად ვერ გადავდივართ. სამართალდამცველები და სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტი აწარმოებს მოლაპარაკებებს ოსურ მხარესთან". 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები