მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

ბობოხიძე: ენგურჰესის გამომუშავება მთლიანად მიდის აფხაზეთში, ოკუპანტებისთვის ეს არის უფასო

ევროპული საქართველოს წევრი აკაკი ბობოხიძე რუსების მიერ სოფელ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის გატაცებას გამოეხმაურა.

ბობოხიძემ ისაუბრა იმ ბერკეტზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს და რომლითაც შესაძლებელია საოკუპაციო ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად საოკუპაციო რეჟიმზე ზემოქმედება. 

ბობოხიძემ განიხილა ენგურჰესის საკითხი – "ჩვენ წარმოგიდგენთ ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციას, საიდანაც ჩანს რომ ენგურჰესი, პრაქტიკულად, საქართველოსთვის გაჩერებულია. ის მუშაობს მხოლოდ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის და ელექტროენერგიას მთლიანად მიაწოდებს მხოლოდ აფხაზეთს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს შეუძლია უკვე არსებობა, გასულ წლებში გატარებული ღონისძიებების გამო, ენგურჰესის გარეშე და მაშინ, როცა აფხაზეთის ელექტრომომარაგების ერთადერთი წყაროა ენგური, წარმოუდგენელია, რატომ არ ხდება ეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაზე პოლიტიკური წნეხის საფუძვლად". – ამბობს ბობოხიძე.

ევროპული საქართველოს წევრის თქმით, არსებული ბერკეტის გამოყენების შედეგად, შესაძლებელი იქნება ირაკლი ბებიას გათავისუფლების საკითხის გადაჭრა და ამასთანავე, გალში მცხოვრებ ქართველთა პოლიტიკური უფლებების დაცვა.

"ჩვენ მომავალში წარმოგიდგენთ ჩვენს მოსაზრებას, რატომ შეიძლებოდა, დაეშვა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ენგურჰესის გამომუშავების წილი ელექტროენერგიიდან, მაშინ როცა ნაწილდებოდა: 60% - საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას და 40% - ოკუპირებულ ტერიტორიას, რანაირად და რა ინტერესის გამო მოხერხდა, რომ დღეს ენგურჰესის გამომუშავება მთლიანად მიდის აფხაზეთში, თან ისე, რომ ეს არის უფასო ოკუპანტებისთვის, ოკუპანტთა რეჟიმისთვის". – დაამატა ბობოხიძემ.


23 ოქტომბერს, ევროპულმა საქართველომ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა წარადგინა.

კომენტარები