ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

თურქეთში პროპალესტინელმა დემონსტრანტებმა ავიაბაზაზე შეჭრა სცადეს, აქცია პოლიციამ დაშალა

თურქეთში პროპალესტინური აქციის მონაწილეებმა ავიაბაზა ინჯირლიკზე შეჭრა სცადეს, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აქტივისტები ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებებს ინჯირლიკის ბაზასთან აპროტესტებდნენ, სადაც აშშ-ს საჰაერო ძალებია დისლოცირებული, შეჭრის მცდელობის შემდეგ კი მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.

თურქული მედია აღნიშნავს, რომ პროპალესტინური აქცია, რომელიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ჰუმანიტარული ფონდის (IHH) ორგანიზებით გაიმართა, ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო, თუმცა, სხვა ადგილას უნდა ჩატარებულიყო.

აქციის პოლიციასთან შეტაკებაში გადაზრდის შემდეგ, დემონსტრანტებს IHH-ს პრეზიდენტმა, ბიულენთ ილდირიმმა მიმართა და პოლიციასთან დაპირისპირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

"მეგობრებო, არასწორია, როდესაც ქვებს ან მსგავს საგნებს ისვრით, რადგან როგორც პოლიციელებს, ასევე სამხედროებს ენდომებოდათ ღაზაში წასვლა და ბრძოლა, და წავლენ კიდეც, როდესაც დრო მოვა. ჩვენი ბრაზია დიდია და მისი შეკავება გვიჭირს, მაგრამ თურქეთი იმას აკეთებს, რაც შეუძლია". - თქვა ილდირიმმა.

კომენტარები