საქართველოს საპატრიარქო

ომი უკრაინასა და ღაზაში, ნათლიების გადაჭარბებული რაოდენობა – რაზე იმსჯელა სინოდმა

საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქომ გამოაქვეყნა სინოდის 2 ნოემბერს გამართული სხდომის განჩინება, რომლის თანახმად, სინოდმა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ღაზაში და უკრაინაში მიმდინარე ომზე, ნათლიების რაოდენობასა და ეპარქიებში არსებულ სიტუაციებზე იმსჯელა.

სინოდმა პოზიცია ჩამოაყალიბა უკრაინა-რუსეთისა და ისრაელი-ჰამასის ომებზე. როგორც გავრცელებულ ტექსტშია ნათქვამი, ეს თემა კათოლიკოს პატრიარქის მიერ იყო შემოთავაზებული. ილია II-მ სხდომაზე აღნიშნა, რომ "საქართველოს ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისათვის მისასალმებელია, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს".

"უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაავრცელა მიმართვა კონფლიქტის დაუყოვნებლივი შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ, რაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტად მძიმე შედეგებს მოიტანდა.

დღეს კი, როდესაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები უფრო და უფრო მასშტაბურ სახეს იღებს, ნათელია, რომ იქმნება გლობალურად ფეთქებადსაშიში გარემო, რაც მთელ მსოფლიოს დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს.

უკრაინასა და ღაზის სექტორში წარმოებული ომების შედეგად უკვე დიდია მსხვერპლი. ჯარისკაცებთან ერთად იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, ბავშვები და მოხუცები, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი, რელიგიური თუ სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები; ზოგადად, ადგილი აქვს რელიგიური ნიშნით ძალადობასაც.

გამოვხატავთ ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. ტერორი, სისასტიკე, უსამართლობა... ცალსახად დასაგმობია და მისი პირდაპირი ან ირიბი მხარდაჭერა - ცივილიზებული სამყაროსათვის მიუღებელი.

ვუერთდებით ყველა კეთილი ნების ადამიანის ლოცვას და შევთხოვთ ღმერთს, მშვიდობა მოანიჭოს უკრაინას, წმინდა მიწას და მთელ მსოფლიოს". - წერია განჩინებაში.

სინოდმა ნათლიების რაოდენობაზეც იმსჯელა და განაჩინა, რომ ნათლია უნდა იყოს ერთი, ისტორიული ტრადიციიდან გამომდინარე კი დასაშვებია ორი ნათლიის ყოლაც.

"ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის). საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია მიმრქმელად (ნათლიად) კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში". - ვკითხულობთ განჩინებაში.

სინოდმა განიხილა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბა ინწკირველის წერილიც, სადაც ის მასთან შეუთანხმებლად სხვადასხვა ეპარქიიდან ამერიკასა და კანადაში ჩასული სასულიერო პირების სიმრავლეზე წუხს. სინოდმა დაადგინა, რომ ეპისკოპოსის წუხილი მხედველობაში უნდა მიიღონ და სასულიერო პირების მიმართ ზომები გაამკაცრონ.

განჩინების თანახმად, სინოდის სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ მღვდელმთავრებმა "ყურადღება უნდა მიაქციონ ახალგაზრდებში ღრმა აზროვნებისა და რელიგიური ცოდნის დონის ამაღლებას, ასევე დარგობრივ განათლებას, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით".

ილია II-ს თავმჯდომარეობით სინოდის სხდომა 2 ნოემბერს გაიმართა. სხდომა კათოლიკოს-პატრიარქმა გახსნა და მისმა მოსაყდრემ, ეპისკოპოსმა შიო მუჯირმა წარმართა.

კომენტარები