საქართველოს საპატრიარქო

ხაბეიშვილი ეკლესიის დაფინანსების ზრდაზე: მნიშვნელოვანია, ჩვენს ეკლესიას მხარი დავუჭიროთ

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამებისთვის დაფინანსების 5 მლნ-ით გაზრდას გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი აქვს და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

"არ შემიძლია, არ დავეთანხმო მიტროპოლიტ ანტონს, რომელმაც თქვა, რომ ყველაფერი გაძვირდა და ყველაფერს ათმაგი ფასი აქვს. ცხადია, ეს გაძვირება აისახება ყველაზე - როგორც მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის, ისე სასულიერო პირებისთვისაც.

ნაციონალური მოძრაობა არის პარტია, რომლის დროსაც საპატრიარქოს ბიუჯეტი 3-ჯერ გაიზარდა. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ევროპული, ქრისტიან-დემოკრატიული პოლიტიკური გაერთიანების ოჯახის წევრები და ჩვენ ვართ ძალა, რომლის პირობებშიც ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და მშენებლობაში ათობით მილიონი ლარი დაიხარჯა. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის უკან არასდროს დაგვიხევია. ცხადია, მომავალშიც ასე იქნება. ჩვენს ხალხს მხარში დგომა, დახმარება სჭირდება და ამას ხელისუფლება არ აკეთებს. ჩვენს ეკლესიას ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს და უმნიშვნელოვანესია, რომ მხარი დავუჭიროთ". - წერს ხაბეიშვილი Facebook-ზე.

დაფინანსების გაზრდას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ფორმულასთან სატელეფონო საუბარში გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ თანხის საჭიროება არის, რადგან "ყველაფერი გაძვირდა და ყველაფერს ათმაგი ფასი აქვს". 

მთავრობის განკარგულებით, ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებისათვის გამოყოფილი დაფინანსება 30 მილიონიდან 35 მილიონ ლარამდე იზრდება - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა

კობახიძისვე დაზუსტებით, გარდა აღნიშნული 35 მილიონი ლარისა, რომელიც კონკრეტულად საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროგრამებს შეეხება, საქართველოს ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის დამატებით 25 მილიონი ლარიც არის გამოყოფილი.

 

კომენტარები