თბილისის საქალაქო სასამართლოში მაკო გომურის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. 20 ივნისის აქციის ძალადობრივად დარბევის დროს დაზარალებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი 2021 წელს შეიტანა, თუმცა საქმის განხილვის პროცესი 2 წლის შემდეგ ჩაინიშნა.
"დღეს არის მორალური ზიანის ანაზღაურების პროცესი. ჩემო მოლოდინები, არ ვიცი, რა გითხრათ, მთლიანად სასამართლოს და მოსამართლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი. 2 წლის წინ, 2021 წლის დეკემბერში შევიტანე სარჩელი და მას შემდეგ, აი, ასე გაიწელა და დღეს ჩაინიშნა პირველი სასამართლო". - თქვა გომურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დაზარალებული, რომელმაც გავრილოვის ღამეს აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა, შსს-სგან ზიანის კომპენსაციას და შრომისუნარიანობის შემცირების გამო, ყოველთვიური სარჩოს დაკისრებას ითხოვს.
"დღევანდელ პროცესზე, რასაკვირველია, გამოცხადდება მოპასუხე მხარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო. ასევე, ჩვენ გვაქვს შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე. ასევე, არის შესაძლებელი, რომ სასამართლო დაინტერესდეს და გამოკითხოს ექსპერტები, რომელთა დასკვნებიც გვაქვს საქმეში წარმოდგენილი". - ამბობს დაზარალებულის ადვოკატი, ილონა დიასამიძე.
2019 წლის 20 ივნისს აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულმა, მაკო გომურმა სასამართლოში სარჩელი შსს-ს წინააღმდეგ 2021 წლის დეკემბერში შეიტანა.
2019 წლის 20 ივნისის მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო აქციის, გავრილოვის ღამის, დარბევის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს გიორგი გახარია იკავებდა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაარბია, რა დროსაც 240 ადამიანი დაშავდა – 80 პოლიციელი, 38 ჟურნალისტი და 122 მშვიდობიანი მომიტინგე. 3-მა ადამიანმა სპეცრაზმელის ნასროლი რეზინის ტყვიით ცალი თვალი დაკარგა – მათ შორის 18 წლის მაკო გომურმაც.