აშშ-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

აშშ-მ რუსეთთან დაკავშირებულ 200-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

REUTERS

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში ომის გამო რუსეთთან დაკავშირებულ 200-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ახალი სანქციები დაუწესა. ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტები ავრცელებენ

სახდეპმა სანქციები დააწესა 90-ზე მეტი იურიდიული და ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციების თავიდან არიდებასა და უკრაინაში იმის წარმოებაში ეხმარებიან. 

პარალელურად, სახაზინო დეპარტამენტმა დააწესა დამატებითი სანქციები მათ მიმართ, ვისაც რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს. სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა რუსული ფინანსური ინსტიტუტები, საწარმოო და სხვა ფირმები, რომლებიც ეხმარებიან რუსეთის ინდუსტრიულ ბაზას.

გარდა ამისა, აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტმა შავ სიაში დამატებით 13 კომპანიის სახელი შეიტანა.  

სახდეპმა დაასანქცირა კომპანია, რომელიც ციმბირში მასობრივ პროექტისა ფლობს და მონაწილეობს მის ექსპლუატაციასა და შემუშავებაში. პროექტი ცნობილია, როგორც Arctic-2 LNG, რომლის მიზანიც ბუნებრივი აირის მსოფლიო ბაზრებზე გატანაა.

სახდეპის განცხადების თანახმად, სანქციები შეეხო დრონების მწარმოებელ კომპანიებს: Level Aerosystems CST-სა და ZALA AERO-ს. ეს კომპანიები აპროექტებენ და აწარმოებენ დრონებს, რომელთაც შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აწვდიან.

სანქცირებულთა სიაში არის ამ კომპანიების მფლობელი ალექსანდრ ზახაროვი, მისი მეუღლე და შვილები. ზახაროვი KUB-BLA-ისა და Lancet-ის ტიპის დრონების დიზაინერი და შემქმნელია.

აშშ-მ დაასანქცირა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ძმისშვილი იაკუბ სალმანოვიჩ ზაკრიევი, რომელიც შპს Danone Russia-ს გენერალური დირექტორი ფრანგული კომპანია Danone-ის რუსული აქტივების ნაციონალიზაციის შემდეგ გახდა.

გარდა ამისა, სახდეპის სანქციები შეეხო კომპანიათა ქსელს, რომელიც რუსეთს ორმაგი დანიშნულების მქონე მიკროელექტრონულ ტექნიკას აწვდის. 

რაც შეეხება აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის სანქციებს, შეზღუდვები შეეხო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთსა და ჩინეთში დაფუძნებულ კომპანიებს, რომლებიც, აშშ-ს განცხადებით, სამხედრო მიზნებით გამოყენებად ორმაგი დანიშნულების მქონე საქონელს რუსეთს აწვდიან. 

სახაზინო დეპარტამენტმა ასევე დააწესა სანქციები რუსეთში დაფუძნებული შვიდი ბანკისა და ათეულობით ინდუსტრიული ფირმის წინააღმდეგ, მათ შორის Gazpromneft Catalytic Systems LLC-ის მიმართ. აშშ-ს განცხადებით, ეს კომპანია აწარმოებს ქიმიურ აგენტებს რუსეთში ნავთობის გაუმჯობესებული გადამუშავებისთვის.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტმა რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და თვითმფრინავების წარმოების ხელშეწყობისთვის საექსპორტო შეზღუდვები 12 რუსული და 1 უზბეკური კომპანიის წინააღმდეგაც შემოიღო. 

აშშ-ს განცხადებაში მითითებული არაა კომპანიის სახელები. ყველა მათგანი შეტანილია ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს შავ სიაში. 

კომენტარები