რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად, რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 6%-ს გადააჭარბებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სათავო ოფისი მოსკოვში
MAXIM SHEMETOV/REUTERS

რუსეთი თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის. დუმის წევრებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმით გამოწვეული თავდაცვის ხარჯების გაზრდას. ცვლილებები ძალაში დარჩება 2024-2026 საბიუჯეტო პროექტშიც. ბიუჯეტის ახალი პროექტი ანექსირებული რეგიონების "ინტეგრაციის ხარჯებსაც" მოიცავს.

ახალი პროექტით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად, თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს გადააჭარბებს. ამ წელს, საბიუჯეტო ხარჯები 20%-მდე ზრდის შემდეგ მიაღწევს 391 მილიარდ დოლარს, რომლის თითქმის მესამედი, 115 მილიარდი დოლარი, თავდაცვისთვის იქნება გამოყოფილი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთი ყოველდღიურად 15 ათას ტონა საბრძოლო მასალას ხარჯავს უკრაინაში.

რუსეთის ეკონომიკა ბოლო 20 თვის განმავლობაში განსაკუთრებულად მილიტარიზებულ ეკონომიკად იქცა.

"ომი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად იქცა რუსეთის ეკონომიკისთვის, ვინაიდან საბაზრო მოთხოვნის უდიდესი ნაწილი მილიტარისტულ-ინდუსტრიულ სექტორზე მოდის". - თქვა რუსეთის ცენტრალური ბანკის ყოფილმა მრჩეველმა ალექსანდა პროკოპენკომ. 

კრემლის განცხადებით, ხარჯების ზრდა არსებითად მნიშვნელოვანია დასავლეთის მიერ კიევის დახმარების საპასუხოდ. 

"აშკარაა, რომ ბიუჯეტის ზრდა გარდაუვალად აუცილებელია, ვინაიდან ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვიმყოფებით". - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.  

2022 წელს უკრაინაზე თავდასხმიდან დღემდე რუსეთმა უკვე მილიარდობით დოლარი დახარჯა საბრძოლო მასალებზე, აღჭურვილობასა და სამხედროთა ხელფასებზე.

კომენტარები