ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების გამიჯვნას ეწინააღმდეგება

კარინ ჟან-პიერი, თეთრი სახლის პრესმდივანი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხის გამიჯვნას ეწინააღმდეგება.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა 30 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია, უკრაინამ ტირანიის, ხოლო ისრაელმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება შეძლონ.

"ჰამასსა და პუტინზე როცა ვსაუბრობთ, ისინი ორივე სხვადასხვა საფრთხეს წარმოადგენენ, მაგრამ ორივეს სურს, მეზობელი დემოკრატიული სახელმწიფოს განადგურება", - თქვა კარინ ჟან-პიერმა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს $106 მილიარდი რაოდენობის დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა გაუგზავნა, რაც უკრაინისთვის $61 მილიარდის, ხოლო ისრაელისთვის $14.3 მილიარდი რაოდენობის სამხედრო დახმარებას მოიცავს. ამას გარდა, ბაიდენი კონგრესს $10 მილიარდს სთხოვს, რათა ისრაელსა და უკრაინას საჭირო ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს. ჟან-პიერის თქმით, აღნიშნული დაფინანსების მოთხოვნა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და მათი გამიჯვნა მიუღებელია, ამიტომ თეთრი სახლი მოუწოდებს კონგრესს ორპარტიული შეთანხმებით პრეზიდენტი ბაიდენის მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებმა 30 ოქტომბერს ისრაელისთვის $14.3 მილიარდი რაოდენობის დახმარების კანონპროექტი წარადგინეს, რაც შეესაბამება პრეზიდენტი ბაიდენის მოთხოვნას, თუმცა თანხის მოძიება აშშ-ს შიდა საგადასახადო სამსახურისთვის დაფინანსების შემცირებას ითვალისწინებს და ამასთანავე, უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხს ერთმანეთისგან მიჯნავს.

ზოგიერთი კონგრესმენის მცდელობას, ერთმანეთისგან გამიჯნონ უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხი, აშშ-ს სენატის რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელიც არ ეთანხმება და თანაპარტიელების მსგავს მცდელობებს იგი შეცდომას უწოდებს. მისი თქმით, შიდა პოლიტიკაში ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ მკვეთრად კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, მას სურს, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ამერიკა ტრადიციულად ორპარტიული თანხმობით იღებდეს გადაწყვეტილებებს.

კომენტარები