საქსტატი

საქსტატი: 2022 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა

madloba.info  All about Georgia

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 67.4%-ით გაიზარდა და 2 097.9 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა

ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი ინვესტიციები დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, ნიდერლანდებიდან და აშშ-დან შემოვიდა. 2022 წელს დიდი ბრიტანეთიდან ინვესტიციების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირდა და 437 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ესპანეთს, ნიდერლანდებსა და აშშ-ს, ამ ქვეყნებიდან განხორციელებული ინვესტიციები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით გაიზარდა. საქართველოში ესპანეთიდან  ინვესტიციების სახით 360.5 (მლნ. აშშ დოლარი), ნიდერლანდებიდან 196.2 (მლნ. აშშ დოლარი) და აშშ-დან 176.5 (მლნ. აშშ დოლარი) შემოვიდა. 

 

 

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2022 წელს  ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციების ხვედრითი წილი გაზრდილია. 2022 წელს საქართველოში შემოსულ ინვესტიციათა 45.9% ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მოდის, ანალოგიური მაჩვენებელი 2021 წელს  28.5%-ს შეადგენდა. უმნიშვნელოდ გაიზარდა ინვესტიციათა რაოდენობა დსთ-ს ქვეყნებიდანაც. აღნიშნული მონაცემი 2022 წელს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (7.7%)  8%-მდე გაიზარდა.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით ყველაზე დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო სექტორში, უძრავ ქონებასა და წყალმომარაგებაში განხორციელდა. საფინანსო სექტორის ხვედრითმა წილმა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (37.5%) დაიკლო და მთლიანი ინვესტიციების 25.6% შეადგინა. წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით 17.5%-მდე გაიზარდა უძრავ ქონებაში განხორციელებული ინვესტიციების ხვედრითი წილი. მნიშვნელოვნად, 9.4%-მდე გაიზარდა ინვესტიციები წყალმომარაგებაშიც. 

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა. ყველაზე მეტი 1 883.6 მილიონი დოლარის ინვესტიცია ქალაქ თბილისში განხორციელდა. ყველაზე მცირე 0.8 მილიონი დოლარის ღირებულების რაჭა-ლეჩხუმ-ზემო სვანეთში

 

კომენტარები