ირანი

ირანის მორალის პოლიციის მიერ ნაცემი გოგო გარდაიცვალა – IRNA

არმიტა გერავანდი
picture alliance/abaca

არმიტა გერავანდი, 16 წლის ირანელი გოგონა, რომელსაც მორალის პოლიცია ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო ფიზიკურად გაუსწორდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოზე (IRNA) დაყრდნობით ავრცელებს. 

"სამწუხაროდ, ის თავის ტვინის დაზიანების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომაში იყო, რამდენიმე წუთის წინ კი გარდაიცვალა". - წერს IRNA.

არმიტა გერავანდი 4 ოქტომბრიდან დღემდე კომაში იყო. ირანის სამთავრობო მედიამ 16 წლის არმიტა გერავანდის ფაქტობრივი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია 22 ოქტომბერს გაავრცელა. მათი თქმით, "ექიმების მცდელობების მიუხედავად, არმიტა გერავანდის მდგომარეობა მიანიშნებდა, რომ მისი ტვინის სიკვდილი უკვე აშკარა იყო".

ქურთების უფლებადამცველი ორგანიზაციის Hengaw-ის ცნობით, ოქტომბრის დასაწყისში "მორალის პოლიცია" ისლამური თავსაბურავის გარეშე სიარულის გამო არმიტას თავს დაესხა. ინციდენტი შოჰადას მეტროსადგურზე მოხდა, რის შემდეგაც მძიმე დაზიანებების მქონე 16 წლის სკოლის მოსწავლე თეირანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

სამთავრობო მედიამ ვიდეოდან ამოჭრილი სურათები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოჰყავთ მეტროს ვაგონიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი არმიტა.

Hengaw-ის თქმით, ოფიციალური პირები არმიტას მშობლებს საავადმყოფოში მისი ნახვის უფლებას არ აძლევდნენ. საავადმყოფოში შესვლა ადგილობრივმა ჟურნალისტმაც სცადა, თუმცა იგი პოლიციამ დააკავა.

6 ოქტომბერს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ მისი დედა, შაჰინ აჰმადი დააპატიმრა.

კომენტარები