ირანი

ტვინი მოკვდა – ირანული მედია მორალის პოლიციის ნაცემი გოგოს ფაქტობრივ სიკვდილს ადასტურებს

არმიტა გერავანდი
picture alliance/abaca

ირანის სამთავრობო მედია 16 წლის არმიტა გერავანდის ფაქტობრივი სიკვდილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი თქმით, "ექიმების მცდელობების მიუხედავად, არმიტა გერავანდის მდგომარეობა მიანიშნებს, რომ მისი ტვინის სიკვდილი უკვე აშკარაა".

ტვინის სიკვდილი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც აღინიშნება თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება და იგი არ ფუნქციონირებს, ხოლო გულისა და სასუნთქი ორგანოების მოქმედება ხელოვნურად არის შენარჩუნებული.

ქურთების უფლებადამცველი ორგანიზაციის Hengaw-ის ცნობით, ოქტომბრის დასაწყისში "მორალის პოლიცია" ისლამური თავსაბურავის გარეშე სიარულის გამო არმიტას თავს დაესხა. ინციდენტი შოჰადას მეტროსადგურზე მოხდა, რის შემდეგაც მძიმე დაზიანებების მქონე 16 წლის სკოლის მოსწავლე თეირანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ირანის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, არმიტა დაბალი წნევის გამო წაიქცა. 

სამთავრობო მედიამ ვიდეოდან ამოჭრილი სურათები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოჰყავთ მეტროს ვაგონიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი არმიტა.

Hengaw-ის თქმით, ოფიციალური პირები არმიტას მშობლებს საავადმყოფოში მისი ნახვის უფლებას არ აძლევდნენ. საავადმყოფოში შესვლა ასევე ადგილობრივმა ჟურნალისტმა სცადა, თუმცა იგი პოლიციამ დააკავა.
არმიტა გერავანდი 4 ოქტომბრიდან მოყოლებული კომაში იმყოფებოდა. 6 ოქტომბერს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ მისი დედა, შაჰინ აჰმადი დააპატიმრა.

კომენტარები