ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ალ-აჰლის საავადმყოფოსთან აფეთქება ღაზიდან გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია – WP-ის ანალიზი

Abed Khaled/AP

The Washington Post-ი ისრაელის ერთ-ერთი სატელევიზიო არხის, Keshet 12 News-ის მიერ მოპოვებული ვიდეოსა და სხვა მასალების ვიზუალური ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ ალ-აჰლის საავადმყოფოს მიმართულებით რაკეტა, რომელმაც აფეთქება და სულ მცირე, 100 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია, ღაზის სექტორიდან იყო გაშვებული.

გამოცემის ცნობით, ისრაელური მედიის მიერ მოპოვებული ვიდეოს საფუძველზე რუკაზე ალ-აჰლის საავადმყოფოს სამხრეთ-დასავლეთით იმ ადგილის პოვნა შეძლეს, საიდანაც აფეთქებამდე 44 წამით ადრე ისრაელის მიმართულებით რაკეტების ჯგუფი გაუშვეს. მათი ინფორმაციით, ლოკაცია დაახლოებით ემთხვევა იმ ადგილს, რომელსაც ისრაელი ჰამასის მიერ არასწორად გასროლილი რაკეტის გაშვების წერტილად ასახელებდა.

როგორც WP წერს, იმის გასარკვევად, ვისმა ნასროლმა, ან რა სახის იარაღმა გამოიწვია აფეთქება მათ 20-ზე მეტ ექსპერტს ჰკითხეს მოსაზრება. ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე ზიანი შეესაბამებოდა სარაკეტო თავდასხმას და არ შეიძლებოდა გამოწვეული ყოფილიყო საჰაერო იერიშით, რადგან ეს უკანასკნელი ინფრასტრუქტურის გაცილებით დიდი მასშტაბით განადგურებას გამოიწვევდა.

ექსპერტების დასკვნით თავდასხმა საარტილერიო ცეცხლითაც არ ყოფილა გამოწვეული, რადგან ამ შემთხვევაში ადგილზე ჭურვის ფრაგმენტები დარჩებოდა და ვიდეოებზე ასახული მასიური ცეცხლოვანი ბურთიც არ წარმოიქმნებოდა.

ამასთან, Washington Post-ი ანალიზის საფუძველზე ამბობს, რომ Al-Jazeera-ს მიერ გადაღებული ვიდეო, რომელსაც ისრაელისა და აშშ-ს მთავრობები რაკეტის ღაზიდან გაშვების მტკიცებულებად ხმარობდნენ, რეალურად ინციდენტს არ ასახავს და მასზე რკინის გუმბათის მოქმედება ჩანს. ამ ვიდეოში, სავარაუდოდ, ასახულია, როგორ უვნებელყო საჰაერო თავდაცვის სისტემამ ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა საავადმყოფოდან დაახლოებით 5 კილომეტრში. გამოცემის ცნობით, აღნიშნულს საავადმყოფოსთან მომხდარ აფეთქებასთან არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს.

17 ოქტომბერს ქალაქ ღაზაში საავადმყოფოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ჰამასის მტკიცებით 500 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქების კადრები მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში. ჰამასის და პრო-პალესტინური ანგარიშები ამტკიცებდნენ, რომ იერიში საავადმყოფოზე ისრაელის საჰაერო ძალებმა მიიტანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა 18 ოქტომბერს მტკიცებულებები წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც ღაზაში საავადმყოფოს სიახლოვეს ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური ჯიჰადის რაკეტა ჩამოვარდა.

18 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც დეტალურად ახსნა ყველა მოძიებული მტკიცებულება საავადმყოფოზე თავდასხმის შემთხვევის გარშემო. მისი თქმით, პირველ რიგში ისრაელის მხარემ გადაამოწმა ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალების ყველა შესაბამის შტოსთან რაკეტების გაშვების ტრაექტორიების შესახებ და დაადასტურა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს არც ერთი რაკეტა საავადმყოფოს მიმართულებით არ უსვრიათ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თელ-ავივში ჩასვლის შემდეგ თქვა, რომ ღაზის სექტორში მდებარე ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქება, როგორც ჩანს, ღაზის ტერორისტული დაჯგუფების მიერ არის გამოწვეული, და არა - ისრაელის. 

19 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი ისრაელის პრეზიდენტს იცხაკ ჰერცოგს შეხვდა, სადაც BBC-ს მიერ ისრაელი-ჰამასის ომის გაშუქების სტანდარტებზე ისაუბრეს. იცხაკ ჰერცოგმა თქვა, რომ როდესაც BBC ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად არ მოიხსენიებს, ეს უბრალოდ ფაქტების დამახინჯებაა.

23 ოქტომბერს რიში სუნაკმა გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანალიზის საფუძველზე, ღაზის ალ-აჰლის საავადმყოფოს აფეთქება სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია.

კომენტარები