9 არაბული ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ხან იუნისი, ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილი, 2023 წლის 26 ოქტომბერი.
Tim of Israel  

ცხრა არაბული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და  გაეროს უშიშროების საბჭოს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, ომანი, კატარი, ქუვეითი, ეგვიპტე და მაროკო, ისრაელს ღაზის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გამო აკრიტიკებენ და ამტკიცებენ, რომ "თავდაცვა არ ამართლებს საერთაშორისო სამართლის დარღვევას და პალესტინელი ხალხის კანონიერი უფლებების მიზანმიმართულ უგულებელყოფას".

ისინი ასევე გმობენ ისრაელის მიერ ჩრდილოეთ ღაზის ევაკუაციას, რამაც პალესტინელი ხალხის იძულებით გადაადგილება გამოიწვია და ისრაელს პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ "კოლექტიური სასჯელის" განხორციელებაში ადანაშაულებენ.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები