ჩრდილოეთ კავკასია

კადიროვის 15 წლის შვილს ყარაჩაი-ჩერქეზეთის უმაღლესი ორდენი მიანიჭეს

რამზან კადიროვის შვილს, 15 წლის ადამ კადიროვს ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენი მიენიჭა ქვეყნის წინაშე დამსახურებებისთვის. ეს კადიროვისთვის ორ დღეში მეორე მაღალი რანგის ორდენია. ერთი დღით ადრე, მას მიენიჭა თათრეთის რესპუბლიკის მნიშვნელობით მეორე უმაღლესი ჯილდო. 

ჩერქეზეთის უმაღლესი ორდენი 15 წლის ადამს მიენიჭა "მისი წვლილისთვის ერთაშორისი და რეგიონთაშორისი ერთიანობის განვითარებისთვის და ტრადიციული ისლამური ფასეულობების გამყარებისთვის". – წერს ყარაჩაი-ჩერქეზეთის ლიდერი, რაშიდ ტემრეზოვი. 

განცხადებაში არ არის ნახსენები ადამ კადიროვის მიერ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირის ცემის ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნობა უკვე ოფიციალურად დადასტურდა მაშინ, როცა რამზან კადიროვმა თავადვე გამოაქვეყნა ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ჩეჩნეთის პოლიციამ ადამის წინააღმდეგ საქმე არ აღძრა.

აღნიშნული ორდენი 2013 წელს დაწესდა მოქალაქეებისთვის, რომლებმაც საკუთარი პროფესიით, სულ მცირე, 20 წელი იმუშავეს და უკვე აქვთ რამე სახის საპატიო წოდებები. 

მანამდე, ადამ კადიროვს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, რამზან კადიროვის მარჯვენა ხელი, ადამ დელიმხანოვი რამზან კადიროვის შვილის "მიღწევებს" შორის ამბობს, რომ ადამმა ზეპირად ისწავლა მუსლიმთა წმინდა წიგნი, ყურანი.

კომენტარები