ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ისრაელის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი
Chip Somodevilla/Getty Images

25 ოქტომბერს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში სპიკერად მაიკ ჯონსონის არჩევის შემდეგ, კონგრესმენებმა პირველი გადაწყვეტილებით ისრაელის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღეს.

წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილ რეზოლუციას 412-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო მოწინააღმდეგე 10 იყო. ამ შედეგით ამერიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის გვერდში დგომა და დაგმო 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა.

რეზოლუციის მოწინააღმდეგე კონგრესმენებიდან, ცხრა მათგანი დემოკრატი წარმომადგენელი იყო, რომლებმაც საკუთარი პოზიცია იმით ახსნეს, რომ რეზოლუციაში პალესტინელების დანაკარგი ნახსენები არ იყო.

სპიკერის პოზიციის დაკავების შემდეგ წარმომადგენელთა პალატაში მიმართვისას მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ "პირველი, რასაც მე სხდომის დარბაზში წარვადგენ, ჩვენი ძვირფასი მეგობრის, ისრაელის მხარდასაჭერი ბილი იქნება, რაც უკვე დიდი ხანია, დაგვიანებულია".


აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა 25 ოქტომბერს რიგით 56-ე სპიკერად ლუიზიანელი კონგრესმენი მაიკ ჯონსონი აირჩიეს. მისი სპიკერობაზე დანიშვნა პირველივე კენჭისყრაზე შედგა.

მაიკ ჯონსონის კანდიდატურას 220-მა კონგრესმენმა (კენჭისყრაზე დამსწრე ყველა რესპუბლიკელმა) დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი 209 იყო. კენჭისყრას 4 კონგრესმენი არ დაესწრო.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა სპიკერის გარეშე 23 დღის განმავლობაში იყო, მას შემდეგ, რაც 2 ოქტომბერს 8 რესპუბლიკელმა, დემოკრატების სრული მხარდაჭერით, სპიკერი კევინ მაკკარტი თანამდებობიდან გადააყენა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას ამ ეტაპზე რიგ პრობლემებთან მოუწევს გამკლავება, მათ შორისაა: უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხი, და ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერების საფრთხე.

კომენტარები