აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის არჩევნები

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პირველივე კენჭისყრით მაიკ ჯონსონი გახდა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რიგით 56-ე სპიკერი მაიკ ჯონსონი
Tom Williams/CQ-Roll Call, Inc via Getty Images

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა 25 ოქტომბერს რიგით 56-ე სპიკერად ლუიზიანელი კონგრესმენი მაიკ ჯონსონი აირჩიეს. მისი სპიკერობაზე დანიშვნა პირველივე კენჭისყრაზე შედგა.

მაიკ ჯონსონის კანდიდატურას 220-მა კონგრესმენმა (კენჭისყრაზე დამსწრე ყველა რესპუბლიკელმა) დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი 209 იყო. კენჭისყრას 4 კონგრესმენი არ დაესწრო.

მაიკ ჯონსონამდე სპიკერობის კანდიდატურის მოპოვება სტივ სკალიზმა, ჯიმ ჯორდანმა და ტომ ემერმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. მათ რესპუბლიკელი კონგრესმენების ერთიანი მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლეს. 

24 ოქტომბერს მაიკ ჯონსონი რესპუბლიკელების მიერ სპიკერის კანდიდატის წარდგენის დახურულ არჩევნებში კონგრესმენ ტომ ემერთან დამარცხდა, თუმცა არასაკმარისი მხარდაჭერის გამო ტომ ემერი კენჭისყრის დაწყებამდე გამოეთიშა პროცესს.

კონგრესმენი მაიკ ჯონსონი ლუიზიანელი იურისტია, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდა. ჯონსონი ჯიმ ჯორდანის მოკავშირედ ითვლება, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ მან სპიკერობაზე კენჭისყრა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჯიმ ჯორდანმა სპიკერობისთვის საკმარისი ხმები ვერ მოიპოვა.

მაიკ ჯონსონის სპიკერობაზე კენჭისყრამდე დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც მან წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებს მაიკ ჯონსონის კანდიდატურის მხარდაჭერის რჩევა მისცა.

მანამდე, დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელები ტომ ემერის კანდიდატურის წარდგენისთვის გააკრიტიკა. მან Truth Social-ზე დაწერა, რომ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები "მოწყვეტილნი არიან რესპუბლიკელ ამომრჩევლებს" და რომ ისინი "რესპუბლიკელები მხოლოდ სახელით არიან". ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე საათში ტომ ემერმა სპიკერობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. 


აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა სპიკერის გარეშე 23 დღის განმავლობაში იყო, მას შემდეგ, რაც 2 ოქტომბერს 8 რესპუბლიკელმა, დემოკრატების სრული მხარდაჭერით, სპიკერი კევინ მაკკარტი თანამდებობიდან გადააყენა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას ამ ეტაპზე რიგ პრობლემებთან მოუწევს გამკლავება, მათ შორისაა: უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხი, და ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერების საფრთხე.

კომენტარები