კანდიდატის სტატუსი

იოზვიაკი: პრეზიდენტის იმპიჩმენტი კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებს მოკლავდა

TV პირველის ცნობით, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა თქვა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი "კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებს მოკლავდა".

"ძალიან პოზიტიური ამბავია, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი არ შედგა. ამას ნეგატიური ეფექტი ექნებოდა გადაწყვეტილებაზე, მისი იმპიჩმენტი შანსებს მოკლავდა. რადგან პარლამენტმა ეს პროცესი, რაღაც გაგებით, გადაარჩინა, ვფიქრობ, შანსები ისევ არის საქართველოსთვის. ბრიუსელში ამბობენ, რომ საქართველო ხელიდან არ უშვებს შანსს, სტატუსი განზრახ არ მიიღოს. ახლა უფრო მეტი კითხვის ნიშანია, ნამდვილად უნდა თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. დაიმახსოვრეთ, სტატუსს მიიღებს ქვეყანა და არა პარტია ან მთავრობა. გადაწყვეტილება მიღებული იქნება ბოლო ანგარიშის გამოქვეყნებამდე 1 კვირით ადრე. ანგარიშში ცვლილებები ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს. ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ ანგარიშისა ჯერ კიდევ ღიად რჩება". - TV პირველის ცნობით, თქვა რიკარდ იოზვიაკმა.

გარდა ამისა, TV პირველის ცნობით, როგორც მან აღნიშნა, ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას ბრიუსელში 8 ნოემბერს განიხილავენ.

"ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას ბრიუსელში 8 ნოემბრისთვის განიხილავენ. 31 ოქტომბრიდან ნოემბრისთვის გადაიტანეს. ხედავთ, რომ თარიღი მუდმივად ცვალებადია. გავიგე, რომ ევროკომისია რეკომენდაციას აღარ გასცემს და გადაწყვეტილების მიღებას დეკემბერში სრულად ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერს მიანდობს. ანგარიშის მიხედვით იტყვიან, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით წინ უნდა წავიწიოთ. ეს არის ვარიანტი. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ევროკომისია ევროკავშირს მიმართულებას მაინც მისცემს. 

საქართველოსთან მიმართებაში, ყველა ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია. მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით ყველაფერი გარკვეულია. თითქმის ყველა ქვეყანა ამბობს, რომ წევრობაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ. საქართველოზე ამბობენ, რომ ჯერ გაურკვეველია, ვნახოთ რა მოხდება". - TV პირველის ცნობით, აღნიშნა იოზვიაკმა. 


17 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიმდინარეობს ბოლო დაზუსტებები, ხოლო ევროკომისიის რეკომენდაცია 8 ნოემბერს გამოქვეყნდება. 

"მე მექნება შეხვედრები ბრიუსელში, მივდივარ ბრიუსელში ძალიან მალე და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კომისიასთან, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ შესაბამის სტრუქტურებთან, ბოლო დაზუსტებები მიმდინარეობს ახლა და 8 ნოემბერს, ნოემბრის დასაწყისში, ასე მინდა ვთქვა, ნოემბერში იქნება კომისიის რეკომენდაცია და ვფიქრობ, რომ საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, ჩვენმა ხელისუფლებამ". - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

გარდა ამისა, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი TV პირველთან საუბრისას ჯერ კიდევ სექტემბერში აღნიშნავდა, რომ 31 ოქტომბერი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების იმ დროს ცნობილი თარიღი იყო. ამასთან, იოზვიაკი არ გამორიცხავდა, რომ თარიღი გადმოეწიათ და ანგარიში ოქტომბრის პირველ ორ კვირაში წარმოედგინათ. 

2022 წლის ზაფხულში ევროკავშირმა ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს - არა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც 12-პუნქტიანი პირობები შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული რეფორმა, მედიის თავისუფლება. 

რეკომენდაციების გაცემიდან ერთი წლის შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტისას აღნიშნა, რომ 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 3 შესრულდა, დანარჩენი 9 პროცესშია.

კომენტარები