უძრავი ქონების ფასები

თბილისში საცხოვრებელი ფართების ყიდვის ფასი 21%-ით, ხოლო ქირა 35%-ით გაიზარდა

თიბისი კაპიტალმა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 2023 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ფართის ყიდვის საშუალო ღირებულებამ კვადრატულ მეტრზე 21%-იანი ზრდის შემდეგ 1 169$, ხოლო იჯარის ღირებულებამ 35%-იანი ზრდის შემდეგ –12.4$ შეადგინა. 

 

TBC კაპიტალის მიხედვით, გაყიდული ბინების რაოდენობის შემცირების ტენდენციაა როგორც ძველი, ისე - ახალი ბინების შემთხვევაში. 2023 წლის სექტემბერში თბილისში 548 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 13%-ით ნაკლებია წინა თვის, ხოლო 8% ნაკლები - წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ძველი ბინების შემთხვევაში გაყიდვის მაჩვენებელი 2 451 ერთეული იყო, რაც წინა თვესთან შედარებით 8%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით ნაკლებია. მიუხედავად გაყიდული ბინების რაოდენობისა, წლიურ ჭრილში, გაზრდილია როგორც ძველი, ისე - ახალი ბინების ფასები. ძველ ბინებზე ზრდამ 21%, ხოლო ახალ ბინებზე - 18% შეადგინა. 

 

უბნების მიხედვით, გაყიდული ბინების ყველაზე დიდი რაოდენობა დიდ დიღომსა (20%) და საბურთალოზე (18%) აღირიცხა. ამასთან, ჩუღურეთში (+56%), დიდუბესა (+42%) და ნაძალადევში (+41%) ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა 2022 წლის სექტემბერთან შედარებით. რაც შეეხება ძველ ბინებს, გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ ჩუღურეთსა (+22%) და გლდანში (+7%) იყო.

იმავე პერიოდში, საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე მთაწმინდაზე $2 000-ს გადააჭარბა. ფასი ყველა უბანში გაიზარდა. ყველაზე მაღალი ზრდით ვაკე (+37%), მთაწმინდა (+34%) და ნაძალადევი (+32%) გამოირჩეოდა.

 

თბილისში უძრავი ქონების ბაზრის საერთო ღირებულებამ 2023 წელს 224 მილიონი დოლარი შეადგინა, წლიურ გაანგარიშებაში, ის 3%–ით ნაკლებია, ვიდრე წინა წელს. 
 

კომენტარები