კანონი მაუწყებლის შესახებ

პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, 79 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო. ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტით იცვლება "სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის" გავრცელებასთან დაკავშირებით თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. კერძოდ, დაინტერესებულ პირს უფლება ექნება, თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაასაჩივროს. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კომუნიკაციების კომისის უფლება ექნება, მაუწყებელი დააჯარიმოს.

გარდა ამისა, კანონის ახალ რედაქციაში ქართული ოცნების დეპუტატებმა "უხამსობის" პუნქტი მოქმედი კანონმდებლობის 56-ე მუხლიდან ამოიღეს, უცვლელად გადაიტანეს 561-ე მუხლში (მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნის დაცვა) და კომუნიკაციების კომისიის განსჯას დაუქვემდებარეს.

"მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და სოციალიზაციას.

იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ან რეკლამა (გარდა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი პროგრამისა ან რეკლამისა) შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.“ - წერია კანონპროექტში.

ქართული ოცნების დეპუტატების მტკიცებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილების მიღებით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის მე-7 პუნქტი შესრულდება.

"2022 წლის დეკემბერში ევროკომისიამ გამოაგზავნა წერილი, რომელშიც ასახული იყო, თუ რა კუთხით უნდა მომხდარიყო კანონმდებლობის ცვლილება იმისთვის, რომ საქართველოს პროგრამის შემოქმედებითი ევროპის მედიის ნაწილში მონაწილეობა გაეგრძელებინა." - თქვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

კანონპროექტის ცვლილებას  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე გამოეხმაურა და მას "დიდი საფრთხე" უწოდა.

"სიძულვილის ენის სახელმწიფო რეგულირებას, უცებ უხამსობის რეგულირება დაამატეს და პირველი მოსმენით მიიღეს ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში. უხამსობის რეგულირების საკითხი ინიცირებულ ვერსიაში არ იყო, პირველი მოსმენით მიღების წინ ჩაემატა". - წერს ედუარდ მარიკაშვილი.

კომენტარები