კანონი მაუწყებლის შესახებ

პრეზიდენტის ვეტოს მხარდამჭერი ქართული ოცნების ერთადერთი დეპუტატი: უნებლიედ მოხდა

ქართული ოცნების ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც მაუწყებლობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს მხარი დაუჭირა, ამბობს, რომ ეს უნებლიედ მოუვიდა. 

"მე მაგ მომენტისთვის ვიყავი გასული, შემოვედი და სიჩქარეში უნებლიედ მხარი დავუჭირე. თორემ, თუ ეგ ნახეთ, ნახავდით იმასაც, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული იყო ეგ კანონი, მიღებული იყო, მაშინაც დავუჭირე მხარი და დღესაც ვაპირებდი,"- ამბობს პაატა მხეიძე ტაბულასთან საუბრისას.  

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი ჯერ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყარეს, შემდეგ კი კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას.

პრეზიდენტის ვეტოს წინააღმდეგ 75 დეპუტატი წავიდა, მხარი კი 13-მა დაუჭირა. მოწინააღმდეგეებს შორის ქართული ოცნების წევრი მხოლოდ ერთი, პაატა მხეიძე იყო. 

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი ასევე დაუჭირეს: ირაკლი აბესაძემ, გიგა ბოკერიამ, ხათუნა გოგორიშვილმა, რომან გოცირიძემ, თენგიზ გუნავამ, ლაშა დამენიამ, სერგი კაპანაძემ, ოთარ კახიძემ, ირმა ნადირაშვილმა, სერგო რატიანმა, ლელა ქებურიამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

რაც შეეხება თავდაპირველ ვერსიას, ანუ, პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტს, მის წინააღმდეგ ხმა ოპოზიციის წევრებმა, ქართული ოცნებიდან კი დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ მისცეს. 

კომენტარები