ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ეგვიპტის პრეზიდენტის აზრით, პალესტინელები დროებით ისრაელში მდებარე უდაბნოში უნდა ჩაასახლონ

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და ეგვიპტის პრეზიდენტი, აბდულ-ფათაჰ ალ-სისი კაიროში გამართულ პრესკონფერენციაზე, 2023 წლის 18 ოქტომბერი
Michael Kappeler/EPA-EFE/Shutterstock

18 ოქტომბერს კაიროში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ ისრაელის მთავრობას შესთავაზა, ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი პალესტინელი მოსახლეობა დროებით ისრაელში მდებარე ერთ-ერთ უდაბნოში გადაიყვანოს.

"ისრაელს ვთავაზობ, დროებით, სანამ ჰამასისა და სხვა ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციას დაასრულებს, მშვიდობიანი პალესტინელები ისრაელში, ნაკაბის უდაბნოში გადაიყვანოს". - თქვა ალ-სისიმ. აღნიშნულ უდაბნოს სხვანაირად ნეგევის უდაბნოსაც უწოდებენ.

ეგვიპტის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში ახლა 8.5 მილიონი ლტოლვილია და მეტს ვერ დაიტევს. ამასთან, შეშფოთება გამოთქვა ქვეყანაში პალესტინელების დიდი რაოდენობით შესვლის შემთხვევაში უსაფრთხოების პოტენციურ რისკებთან დაკავშირებითაც.

"თუ პალესტინელების დიდ რაოდენობას მივცემთ გადმოსვლის შესაძლებლობას, შესაძლოა ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული ოპერაციები განხორციელდეს და ისრაელმაც შესაძლოა უპასუხოს". - დასძინა ალ-სისიმ.

17 ოქტომბერს იორდანიის მეფე აბდულამ, ბერლინში ოლაფ შოლცთან გამართული შეხვედრის შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იორდანიისა და ეგვიპტისთვის პალესტინელი ლტოლვილების მიღება წითელი ხაზია.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები