ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ქლევერლი: ღაზაში საავადმყოფოს ტრაგედიაზე ნაადრევი დასკვნა ბევრმა გამოიტანა

ჯეიმს ქლევერლი
Leon Neal/PA

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს ქლევერლი გამოეხმაურა მედიაში ნაადრევად გავრცელებულ დასკვნებს, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი ისრაელი იყო.

"გასულ ღამეს ძალიან ბევრმა გამოიტანა ნაადრევი დასკვნა ალ-აჰლის საავადმყოფოს ტრაგედიაზე. ამის არასწორად გაგება კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს ჩააგდებდა საფრთხეში. დაელოდეთ ფაქტებს, გაავრცელეთ ნათლად და სწორად. გაწონასწორებულები უნდა ვიყოთ". – დაწერა ქლევერლიმ X-ზე, ანუ ყოფილ Twitter-ზე.

აქამდე ქლევერლიმ საავადმყოფოზე მიტანილი იერიში დაგმო ისე, რომ ბრალი არც ერთი მხარისთვის დაუდია.

ღაზაში ალ-აჰლის საავადმყოფოზე სარაკეტო დარტყმას, ჰამასის ცნობით, 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით თქვეს, მომაკვდინებელი აფეთქება გამოიწვია ტერორისტული დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის მიერ გაშვებულმა გაუმართავმა რაკეტამ, რომელიც შენობას დაეცა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ აფეთქებაზე პასუხისმგებელი არა ისრაელი, არამედ "სხვა მხარეა".

"ძალიან დამამწუხრა და გამაბრაზა ღაზაში საავადმყოფოს გუშინდელმა აფეთქებამ. იმაზე დაყრდნობით, რაც ვიხილე, როგორც ჩანს, ეს სხვა მხარემ გააკეთა, თქვენ არა" – თქვა ბაიდენმა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას.

ამას გარდა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ჰამასის ორი წევრი ლაპარაკობს, რომ აფეთქება ისლამური ჯიჰადის რაკეტამ გამოიწვია და ისინი საბრძოლო მასალებს საავადმყოფოს უკან მდებარე სასაფლაოდან ისროდნენ.

კომენტარები