ეროვნული ბანკი

₾300 000-მდე სესხის მქონეებს ახლის აღება მხოლოდ იმ ვალუტაში შეეძლებათ, რომელშიც შემოსავალი აქვთ

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პირები, რომელთა სასესხო ვალდებულებები 300 ათას ლარამდეა, ახალი სესხების აღებას მხოლოდ იმ ვალუტაში შეძლებენ, რომელშიც შემოსავალს იღებენ.

"უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ, უმეტესად ცვლადგანაკვეთიან სესხებს, თან ახლავს საპროცენტო და გაცვლითი კურსის რისკები. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოურ ვალუტაში არაჰეჯირებული მსესხებლების მაღალი წილისა და რეგიონის ვალუტების გაცვლითი კურსის გაზრდილი მერყეობის პირობებში. დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნული ბანკი დამატებით მოთხოვნას უწესებს რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, იმ პირებზე, რომელთა ჯამური დავალიანება 300 000 ლარამდე იქნება, უცხოური ვალუტის ახალი სესხი გასცენ მხოლოდ ჰეჯირებული სავალუტო რისკის პირობებში". - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს. მისი თქმით, კრედიტის იმ ვალუტაში აღება, რომელშიც ადამიანებს შემოსავალი უფიქსირდება, სესხების დაცვის უკეთეს შესაძლებლობას აძლევს. 

"ჩვენთვის ამ შემთხვევაში მთავარია ჰეჯირება, ჰეჯირება ნიშნავს დაცვას სავალუტო რისკებისგან, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანს იმ ვალუტაში უნდა ჰქონდეს სესხი და იმ ვალუტაში უნდა უწევდეს ყოველთვიურად სესხის მომსახურება, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი და არ უწევდეს კონვერტაცია ყოველთვიურად თავისი ხელფასის სხვა ვალუტაში, რათა შეიტანოს ბანკში. შესაბამისად, ეს არის ლოგიკური ნაბიჯი, რომელიც აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას, რაც რამდენიმე წელია ჩვენს ქვეყანაში სებ-ის თაოსნობით ხორციელდება და უფრო სრულყოფილს ხდის სწორედ ამ ჰეჯირების პოლიტიკას.

ლოგიკა ისაა, რომ ჰეჯირება არ ნიშნავს მაინცდამაინც ან ლარში ან რომელიმე სხვა ვალუტაში დავაძალოთ ადამიანს სესხის აღება. აქ არის მთავარი, რომ ადამიანი იყოს დაცული - რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი იმ ვალუტაში მოემსახუროს სესხს. მთლიანობაში ეს ზრდის საფინანსო სექტორის მდგრადობას". - თქვა ნათია თურნავამ.

აქამდე, გასული წლის ივლისში ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეებზე 200 000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხების გაცემა ნებადართული გახდა.

ახალი წესის მიხედვით, იმ პირებს, რომელთაც უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები აქვთ, ქართული ბანკებიდან სავალუტო სესხის გამოტანას შესაძლებლობა მიეცათ. 

კომენტარები